სსფ - საქართველოში სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას, რაც პანდემიის შემდეგ სწრაფ აღდგენას უზრუნველყოფს
სსფ - საქართველოში სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას, რაც პანდემიის შემდეგ სწრაფ აღდგენას უზრუნველყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში სსფ-დან საქართველოსთვის დახმარების სახით 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, თანხა განკუთვნილია საქართველოს ბიუჯეტის მხარდასაჭერად, რათა უზრუნველყოფილი იყოს „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული გადაუდებელი და ფისკალური საჭიროებები, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალურ დაცვის ხარჯები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კოვიდ-19“ პანდემია, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს და გასული წლების პოზიტიური ეკონომიკური ტენდენცია შეფერხდება.

შესუსტებულმა მაკროეკონომიკურმა მაჩვენებელმა და ფისკალურმა მდგომარეობამ დამატებითი ფინანსური დახმარების გადაუდებელი საჭიროება შექმნა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება ჯანდაცვის გაზრდილი ხარჯებისა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ამავდროულად, გაცვლითი კურსი მოქნილი რჩება.

„მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ინფლაციური მოლოდინის მჭიდრო მონიტორინგზე უნდა იყოს დაფუძნებული,“ – აღნიშნავს სავალუტო ფონდი.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას, რაც პანდემიის შემდეგ სწრაფ აღდგენას უზრუნველყოფს.

„სახელმწიფო პენსიაზე ინდექსაციის წესის მიღება ხელს შეუწყობს პენსიონერების შემოსავლის შენარჩუნებას“, – აცხადებს საერთშორისო სავალუტო ფონდი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულებაზე და პროგრამის თანხის გაზრდაზე მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან მიმდინარე წლის 1-13 აპრილს გამართა.