მერსედეს ვერა მარტინი - საქართველოში მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები დაახლოებით 450 მილიონ დოლარს გაუტოლდება
მერსედეს ვერა მარტინი - საქართველოში მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები დაახლოებით 450 მილიონ დოლარს გაუტოლდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომ თანხასთან ერთად, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება, – ამის შესახებ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა განაცხდა.

სსფ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-13 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით, მოლაპარაკებები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეექვსე მიმოხილვის დასრულებაზე და პროგრამის თანხის გაზრდაზე.

როგორც მისიის დასასრულს ვერა მარტინმა განაცხადა,  პროდუქტიული დისკუსიის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ.

„სსფ-ს გუნდი რეკომენდაციას იძლევა სსფ-ს მხარდაჭერის საერთო თანხის გაზრდის შესახებ კვოტის 130 პროცენტით (დაახლოებით 375 მილიონი აშშ დოლარით), რაც დაეხმარება ჯანდაცვის და მაკროეკონომიკური სტაბილიზების ღონისძიებების დაფინანსებას, დააკმაყოფილებს COVID-19 პანდემიით გამოწვეულ საგადამხდელო ბალანსის საჭიროებებს; მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მობილიზებას. ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი იქნება საბიუჯეტო დახმარება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას  სასწრაფო სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროების მოგვარებაში დაეხმარება. თანხის ეს ნაწილი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის მიმოხილვის დამტკიცებისთანავე“, – განაცხდა მისიის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, მისიის დონეზე მიღწეულ ამ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელი საბჭო მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში განიხილავს.

როგორც მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა, მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომ თანხასთან ერთად, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდება, რაც საქართველოს კვოტის 155 პროცენტია.