სსფ - საქართველოში რეფორმები საჭიროა სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად 
სსფ - საქართველოში რეფორმები საჭიროა სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად 

საქართველოში კონომიკური ზრდის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური ტენდენციები საშუალებას იძლევა, მობილიზდეს ადგილობრივი დანაზოგი, გაიზარდოს კერძო ინვესტიციები და მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება, ეს რეფორმები საჭიროა საშუალოვადიანი ზრდის წასახალისებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, – ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. თბილისში გამართულ შეხვედრებს ორგანიზაციის წარმომადგენლები ვრცელ პრესრელიზში აჯამებენ. ფონდში ამბობენ, რომ ეკონომიკური აქტივობა 2017 წელს მოსალოდნელზე მაღალი იყო და ეს ტენდენცია გრძელდება. მისიის წევრები საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

„2017 წელს ეკონომიკური ვითარება პოზიტიური იყო. ზრდამ 4.8 პროცენტს მიაღწია, რასაც მოხმარებისა და საგარეო მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი. ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების გადმორიცხვების მატებამ ეკონომიკური აქტივობის მომატება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 7 პროცენტამდე შემცირება გახადა შესაძლებელი (2017 წლის 3 კვარტლის მონაცემის მიხევდით).

2017 წელს ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 6.7 პროცენტი შეადგინა, რაც ძირითადად საწვავსა და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდით იყო გამოწვეული. წლის დასასრულს ინფლაციური მოლოდინის ზრდის პასუხად, დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7,25 პროცენტამდე.

2018 წლის იანვარში, წლიურმა ინფლაციამ 4.3 პროცენტამდე დაიკლო, როგორც იყო მოსალოდნელი. წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ ფისკალური მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესად შესრულდა. ფისკალური დეფიციტი (სსფ-ს პროგრამის განსაზღვრების მიხედვით) მშპ-ს 2.9 პროცენტი იყო, რაც მოსალოდნელზე 0,5 პროცენტით უკეთესი მაჩვენებელია. შემოსავლების მატება განპირობებული იყო სხვადასხვა გადასახადით მიღებული შემოსავლების მეტობით გეგმასთან შედარებით.

მიმდინარე ხარჯები შეზღუდული იყო, ხოლო სახელმწიფო კაპიტალური ხარჯი გაზრდილი. სამომავლოდ, მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა და შემოსავლების მობილიზების გაუმჯობესება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო კაპიტალური ინვესტიციების განსახორციელებლად და ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესამცირებლად“, – აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

სსფ-ს მისიაში მიაჩნიათ, რომ სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა საქართველოში მაღალ, მდგრად და მეტად ინკლუზიურ ზრდას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები საქართველოს შემოსავლების სამსახურის გაძლიერების, კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობისა და ფინანსური უსაფრთხოების სისტემების დახვეწის მიმართულებით. პარლამენტს წარედგინა კანონპროექტები კერძო-საჯარო პარტნიორობისა და საპენსიო რეფორმის შესახებ. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური ტენდენციები საშუალებას იძლევა, მობილიზდეს ადგილობრივი დანაზოგი, გაიზარდოს კერძო ინვესტიციები და მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება. ეს რეფორმები საჭიროა საშუალოვადიანი ზრდის წასახალისებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად“, – აცხადებენ სავალუტო ფონდში.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისს „მეოთხე მუხლის კონსულტაციებისა“ და სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის ჩასატარებლად აპრილშიც ესტუმრებიან.