სსფ აცხადებს, რომ პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებს საქართველოს მთავრობა ექვსი თვე ფულად კომპენსაციას გადაუხდის, მთავრობაში განცხადება ხვალისთვის იგეგმება
სსფ აცხადებს, რომ პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებს საქართველოს მთავრობა ექვსი თვე ფულად კომპენსაციას გადაუხდის, მთავრობაში განცხადება ხვალისთვის იგეგმება

საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის. ასევე, დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები შეინარჩუნეს. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია, სადაც შეჯამებულია მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების მიერ კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად მიღებული ზომები.

სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 193 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პირველ აპრილს მთავრობამ ორი მილიარდი ლარის ოდენობის სტიმულირების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რაც დაემატა 13 მარტს გამოცხადებულ ერთი მილიარდი ლარის ოდენობის პაკეტს. თავდაპირველი პაკეტი მოიცავდა ტურიზმის სექტორისთვის 2020 წლის ნოემბრამდე ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის შეჩერებას, მცირე და საშუალო სასტუმროების სუბსიდირებას, საკრედიტო საგარანტიო სქემის გაზრდას, დღგ-ის ანაზღაურების პროცესის დაჩქარებას და კაპიტალური ხარჯების გაზრდას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ინიციატივა ასევე მოიცავს მოსახლეობის ღარიბი სეგმენტისთვის, რომელიც მოიხმარს თვეში 200 კილოვატ ელექტროენერგიაზე და 200 კუბურ მეტრ გაზზე ნაკლებს, მარტი-მაისის პერიოდში ელექტროენერგიის, გაზის, წყლისა და დასუფთავების მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. 351 მილიონი ლარი მიმართული იქნება ჯანდაცვის ხარჯებზე, მათ შორის, ტესტებსა და კარანტინში პაციენტების მოთავსების ხარჯებზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარით ოდენობის უმუშევრობის სუბსიდირებით უზრუნველყოფენ იმ პირებს, ვინც დაკარგა სამსახური ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. აღნიშნული სუბსიდია განკუთვნილი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იხდიდნენ საშემოსავლო გადასახადს და შეწყვიტეს, რადგან კომპანიები დაიხურა. სუბსიდირებას მიიღებენ ასევე ის კომპანიები, რომლებმაც შეინარჩუნეს თანამშრომლები.

მთავრობა ასევე დაასუბსიდირებს ცხრა ძირითადი პროდუქტის იმპორტს, მათ შორის, ფქვილის, ბრინჯის, რძის ფხვნილის, ზეთის და ამ პროდუქტების 50 მილიონი ლარის ღირებულების მარაგს შექმნის.

უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის საკითხზე განცხადება საქართველოს მთავრობაში ხვალ გაკეთდება.