საქართველოში თურქეთის საელჩომ ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით, მიღება გამართა
საქართველოში თურქეთის საელჩომ ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით, მიღება გამართა

საქართველოში თურქეთის საელჩომ ჰოლოკოსტის დღესთან დაკავშირებით, სპეციალური მიღება გამართა.

მიღებაზე დოკუმენტური ფილმის „ლინა ამატოს ისტორიის“ ჩვენება გაიმართა.

საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის თქმით, თურქეთი მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ჰოლოკოსტის შედეგად დაღუპულ მილიონობით ადამიანს ყოველწლიურად იხსენებს და მიიჩნევს, რომ ამ ადამიანების ისტორიები არასდროს უნდა მიეცეს დავიწყებას.

ელჩმა ებრაელების გადარჩენის საქმეში მეორე მსოფლიო ომის დროს საბერძნეთში თურქეთის კონსულის როლზეც ისაუბრა.

„ ვალდებულები ვართ გვახსოვდეს და არ დავივიწყოთ ის, რაც მოხდა, რათა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. ჰოლოკოსტი განსაკუთრებული მოვლენა იყო კაცობრიობისთვის ბევრი მიმართულებით, ესაა ტკივილი არა მხოლოდ ებრაელი ხალხისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. დღეს ჩვენ წარმოავდგინეთ ერთ-ერთი გადარჩენილის მემუარები. ის და მისი ოჯახი დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, როდესაც ნაცისტებმა ამ კუნძულის ოკუპაცია განახორციელეს,. მათ იქ მცხოვრებ 1700- მდე ებრაელს მოუყარეს თავი. თურქეთის კონსულმა კი, მათ გადასარჩენად დოკუმენტები გააყალბა და ისინი თურქეთის მოქალაქეებად წარმოაჩინა, ეს არის ერთი პატარა ისტორია. გვინდა, რომ დღეს დავდგეთ ყველა გარდაცვლილის და გადარჩენილის გვერდით, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს”,-აღნიშნა ელჩმა.

მსოფლიო გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების მიერ ებრაელი ხალხისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთ ყოველი წლის 27 იანვარს იხსენებს. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურმა ხელისუფლებამ 6 მილიონი ებრაელის გენოციდი მოაწყო, იგივე დანაშაული მათ ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების, ჰომოსექსუალებისა და სხვა უმცირესობების წინააღმდეგაც განახორციელეს, რაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დანაშაულად რჩება.

არსებული ინფორმაციით, ჰიტლერის რეჟიმმა 17 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.