სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუმინეთის ელჩი მიიღო

19:35, 11.11.2026

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რაზვან როტუნდუ მიიღო.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქართველ და რუმინელ ხალხებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, სულიერ და კულტურულ კავშირებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წმინდა ანთიმოზ ივერიელის მრავალმხრივ მოღვაწეობასა და მის ისტორიულ მემკვიდრეობას.

რუმინეთის ელჩის ინფორმაციით, ბუქარესტის მახლობლად რადუ-ვოდას დედათა მონასტერი გეგმავს, გახსნას ახალი სავანე, რომლის მფარველ წმინდანად ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი ნინო აირჩიეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, რუმინეთის საეკლესიო კალენდარს ღირს მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის (ურგებაძე) ხსენების დღე დაემატა. რუმინეთში ამ დღესასწაულს ოფიციალურად წელს პირველად აღნიშნავენ.

დასასრულს მასპინძლებმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს, რის შემდეგაც მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მსგავსი