სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა
11 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენლები.
„შეხვედრა მეტად გულთბილ ვითარებაში წარიმართა. მასზე ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივაზე. განსაკუთრებით აღინიშნა ეკლესიის როლი საზოგადოებაში მშვიდობისა და ერთობის განმტკიცების საქმეში. მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სამყაროში იმ სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებას, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ევროპული და, ზოგადად, ქრისტიანული ცივილიზაციის განვითარება. მისი თქმით, სწორედ ეს საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობა, ღირებულებები და ტრადიციები წარმოადგენს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობისა და მეგობრობის მყარ საფუძველს. ის ასევე შეეხო მიმდინარე წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების მნიშვნელობას. ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა იტალიის ხელისუფლებას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და კეთილგანწყობისთვის.
თავის მხრივ, ელჩმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას გულთბილი მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ მიულოცა კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება. ასევე განსაკუთრებული პატივისცემით ისაუბრა ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ზე, მის ავტორიტეტსა და იმ სიყვარულზე, რომელიც ქართველმა ხალხმა მისი გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში გამოხატა“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.