სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენლები.
„შეხვედრა გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა. სტუმართან საუბრისას მისმა უწმინდესობამ ისაუბრა ქართველი და ებრაელი ხალხების განსაკუთრებული ურთიერთპატივისცემისა და მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ, რომელიც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და სიყვარულის მაგალითს წარმოადგენს.
კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა რწმენისა და სულიერი ფასეულობების მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი თქმით, მიუხედავად მცირე ტერიტორიისა და მრავალი ისტორიული განსაცდელისა, სწორედ რწმენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის ერთგულებამ გადაარჩინა ქართველი და ებრაელი ხალხები.
ელჩმა კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრება მიულოცა, მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს საპატრიარქოში სტუმრობასა და პირადად მისი უწმინდესობის გაცნობას. მან ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ქრისტიანობას დიდ პატივის სცემს, რადგან ქართველ და ებრაელ ერებს მრავალი საერთო ღირებულება აერთიანებთ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ელჩმა აღნიშნა, რომ მისასალმებელი იქნება, სამომავლოდ ერთობლივი კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელება.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო და ისრაელი დგანან. აღინიშნა, რომ რელიგიური და ზნეობრივი ფასეულობები დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორივე ერის სულიერი სიმტკიცისა და განვითარების საქმეში.
კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა ისრაელის ხელისუფლების კეთილგანწყობასა და მზრუნველობას ისრაელში მცხოვრები ქართველებისადმი. მისმა უწმინდესობამ სთხოვა ელჩს, მადლობა გადაეცა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილესთვის ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოხატული თანაგრძნობისათვის. მან ასევე გამოთქვა მადლიერება მისი აღსაყდრებისადმი გამოგზავნილი მილოცვისა და საჩუქრებისთვის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს“,- აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.