მამუკა მერკვილაძე პრეზიდენტად - სროლის სახეობათა ფედერაცია, პირველი ფედერაცია საქართველოში, რომელმაც არჩევნები ახალი, დემოკრატიული წესებით ჩაატარა #1TVSPORT
მამუკა მერკვილაძე პრეზიდენტად - სროლის სახეობათა ფედერაცია, პირველი ფედერაცია საქართველოში, რომელმაც არჩევნები ახალი, დემოკრატიული წესებით ჩაატარა #1TVSPORT

თბილისის ზღვაზე მდებარე სასტენდო სროლის ბაზაზე საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა დასრულდა, სადაც ახალ პრეზიდენტად მამუკა მერკვილაძე აირჩიეს.

ყრილობას სროლის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე უძღვებოდა, რადგან ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი თამაზ სომხიშვილი უცხოეთში იმყოფებოდა – მან სახეობის განვითარებისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ საკუთარი სურვილით გადადგა.

პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ერთი იყო – მამუკა მერკვილაძე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით, ყრილობის დელეგატებმა მიიღეს ახალი საარჩევნო დებულება, რომელიც ხმის მიცემის ფარულ პროცედურას გულისხმობდა. ყრილობაზე დამსწრე 19-ივე დელეგატმა სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტად მამუკა მერკვილაძე აირჩია.

ამას გარდა, აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და საპატიო პრეზიდენტები. 9 ოლიმპიადის მონაწილე ნინო სალუქვაძე უახლოესი 4 წელი კვლავ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მასობრივი სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე მაისურაძე დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოში სპორტული ფედერაციის პრეზიდენტის პირველი არჩევნები, რომელიც, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი წესდებით ტარდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 16 დეკემბრის ბრძანებით, სპორტული ორგანიზაციებისთვის სახელმძღვანელო პრინციპები დამტკიცდა. მოცემული პრინციპები განსაზღვრულია იმ ეროვნული სპორტული ფედერაციებისთვის, რომლებიც აღიარებულია სამინისტროს მიერ და იღებენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამინისტრომ დოკუმენტი შეიმუშავა სპორტული ორგანიზაციების მართვაში დემოკრატიული და გამჭვირვალე პრინციპების დამკვიდრების მიზნით, რათა საზოგადოებაში არ არსებობდეს თუნდაც მცირედი ეჭვი ფედერაციების მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით.

სახელმძღვანელო პრინციპებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. ამასთან, ფედერაციის მიერ სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევის ან თავის წესდებაში გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სამინისტრო იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ფედერაციის დაფინანსება.

ასევე გაწერილია ფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარის არჩევის წესი და ვადები. მოცემულ პოზიციებზე კანდიდატები აირჩევიან ოთხი წლის ვადით და ეს შეიძლება მოხდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დოკუმენტში გაწერილია ასევე ფედერაციის წევრობასთან დაკავშირებული საკითხები და ფედერაციის საერთო ყრილობის მოწვევის წესი და ვადები. კერძოდ, ფედერაციის რიგითი საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა წელიწადში ერთხელ, ხოლო საარჩევნო რიგითი საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა არაუგვიანეს 4 წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადის გათვალისწინებით.

დოკუმენტი დეტალურად იხილეთ აქ: სახელმძღვანელო პრინციპები სპორტული ფედერაციებითვის.