„სქაი ნიუსმა“ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომისთვის ირანმა რუსეთს საბრძოლო მასალა მიჰყიდა
„სქაი ნიუსმა“ მოიპოვა იარაღთან დაკავშირებით სავარაუდო კონტრაქტის დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ უკრაინაში ომისთვის ირანმა რუსეთს საბრძოლო მასალა მიჰყიდა.
წყარო ამტკიცებს, რომ დოკუმენტი 100 პროცენტით ავთენტურია. დოკუმენტში საუბარია სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალაზე, რომლის ღირებულებაც ერთ მილიონ დოლარს აღემატება.
როგორც მედია წერს, იარაღის სავარაუდო კონტრაქტი პირველ მტკიცებულებას იძლევა იმის შესახებ, რომ ირანმა საბრძოლო მასალა მიჰყიდა რუსეთს უკრაინაში ომისთვის. დოკუმენტი დათარიღებულია 2022 წლის 14 სექტემბრით და საუბარია სხვადასხვა ზომის საარტილერიო, სატანკო ჭურვებსა და რაკეტებზე.
„სქაი ნიუსმა“ საბუთები აჩვენა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის. კიევმა და ლონდონმა განაცხადეს, რომ აპირებენ, გამოიკვლიონ მასალის ავთენტურობა და თუ დადგინდება, რომ სანდოა, შესაბამის ზომებს მიიღებენ.
„სადაც გვაქვს მტკიცებულება, რომ ირანმა სამხედრო დახმარება გაუწია რუსეთს, მივიღეთ ზომები და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე მოვიქცევით“, – განაცხადა კლევერლიმ.