„სქაი ნიუსი“ - პარტია „ბრიტანეთის რეფორმის“ ლიდერი, ნაიჯელ ფარაჯი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის გზაზეა
პარტია „ბრიტანეთის რეფორმის“ ლიდერი, ნაიჯელ ფარაჯი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის გზაზეა, – ამის შესახებ სტატიას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, YouGov MRP-ის გამოკითხვის თანახმად, რომელიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში აღებულ 13 000 რესპონდენტზეა დაფუძნებული, სავარაუდოა, რომ ხვალ არჩევნების გამართვის შემთხვევაში, პარლამენტი არასტაბილური იქნება და 650 ადგილიდან 311-ს „ბრიტანეთის რეფორმა“ დაიკავებს. ამ შემთხვევაში, პარტიას 15 ადგილი დააკლდებოდა ოფიციალურ გამარჯვებამდე, რომლისთვისაც 326 ადგილია საჭირო.
„ბრიტანეთის რეფორმამ“ ივნისის შემდეგ გააუმჯობესა თავისი პოზიცია, როდესაც მას უმრავლესობამდე 55 ადგილი აკლდა. მაშინ პროგნოზით „რეფორმისტთა“ პარტიას 306 ადგილის მოპოვების შესაძლებლობა ჰქონდა.
YouGov MRP-ის გამოკითხვის შედეგებით, ხვალ რომ არჩევნები იმართებოდეს, თემთა პალატაში „ბრიტანეთის რეფორმა“ 311 ადგილს მიიღებდა, „ლეიბორისტული პარტია“ – 144 ადგილს, ლიბერალ-დემოკრატები – 78 ადგილს, კონსერვატორები – 45 ადგილს, შოტლანდიის ნაციონალური პარტია – 37 ადგილს, ხოლო „მწვანეები“ – შვიდ ადგილს.
როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, კირ სტარმერის დამაჯერებელი გამარჯვებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ამ შედეგით ლეიბორისტებმა არსებული ადგილების დაახლოებით ორი მესამედი დაკარგეს, გასული წლის საყოველთაო არჩევნებში მოპოვებულ 411 ადგილთან შედარებით. „სქაი ნიუსი“ წერს, რომ ხვალ არჩევნების გამართვის შემთხვევაში, კონსერვატორებს უარესი შედეგი ექნებოდათ. ისინი გასულ წელს მოპოვებული 121 ადგილიდან ორ მესამედს დაკარგავდნენ, რაც ისედაც ყველაზე ცუდი შედეგი იყო მათი 190-წლიანი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში.