„სქაი ნიუსი“ - ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ „ჰეზბოლა“ სრულად უნდა განიარაღდეს და ირანს აღარ მიეცეს ლიბანის მომავლის განკარგვის უფლება
„სქაი ნიუსი“ - ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ „ჰეზბოლა“ სრულად უნდა განიარაღდეს და ირანს აღარ მიეცეს ლიბანის მომავლის განკარგვის უფლება

ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ „ჰეზბოლა“ სრულად უნდა განიარაღდეს და ირანს აღარ უნდა მიეცეს ლიბანის მომავლის განკარგვის უფლება, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

როგორც მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებზე ასევე დამტკიცდა 58.8 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც განკუთვნილია ლიბანიდან იძულებით გადაადგილებული პირების გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად. ფინანსური დახმარება მიმართული იქნება საკვების, წყლის, თავშესაფრისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფისკენ იმ მოსახლეობისთვის, ვინც კონფლიქტმა ყველაზე მეტად დააზარალა.

ამასთან, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეჩიელ ლეიტერმა შეხვედრა „მშვიდობისთვის გამარჯვებად“ შეაფასა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად აღმოჩნდა, რომ მხარეები „ერთსა და იმავე მხარეს“ დგანან, რაც, მისი თქმით, ყველაზე პოზიტიური შედეგია.

ლეიტერის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და ლიბანს შორის „მკაფიოდ განსაზღვრული საზღვრის“ საკითხიც.

„ეს იყო გონიერების, პასუხისმგებლობისა და მშვიდობის გამარჯვება“,  – განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ მხარეები ერთობლივ განცხადებას ამზადებენ და ასევე მუშაობენ „სრულ სამშვიდობო შეთანხმებაზე“.

ვაშინგტონში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოლაპარაკებები დაახლოებით ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა.