„სქაი ნიუსი“ - გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, არ დაესწრებიან
„სქაი ნიუსი“ - გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, არ დაესწრებიან

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლონდონში უკრაინის საკითხზე დაგეგმილ მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, არ დაესწრებიან. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

ლონდონში ჩასვლასა და უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებებს გეგმავდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ რუბიო მოლაპარაკებებს არ დაესწრება.

როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, სავარაუდოდ, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც გააუქმეს დაგეგმილი ვიზიტი.

„როგორც კი ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი, პარიზმა და ბერლინმა, როგორც ჩანს, ასევე შეცვალეს გეგმები. არსებობს იმედი, რომ მინისტრების დონეზე შეხვედრა მაინც გაიმართება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნულია სტატიაში.

მოლაპარაკებები ლონდონში დღეს გაიმართება, სადაც ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაბიჯებს განიხილავენ. შეხვედრას უკრაინის საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი დაესწრება. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა შეხვედრას გამართავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ ლემისთან.