„სქაი ნიუსი“ – დიდ ბრიტანეთში, სამეფო საჰაერო ძალების ბაზის, RAF Fairford-ის მახლობლად სავარაუდო ტერორისტულ გეგმასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ორი მამაკაცი ხელახლა დააკავეს
დიდ ბრიტანეთში, სამეფო საჰაერო ძალების ბაზის, RAF Fairford-ის მახლობლად სავარაუდო ტერორისტულ გეგმასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ორი მამაკაცი ხელახლა დააკავეს. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
განმეორებით დაკავებული არიან ლონდონის ვესტმინსტერის რაიონში მცხოვრები 24 წლის ბრიტანეთის მოქალაქე და 25 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ორივე მათგანი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის დახმარებაშია ეჭვმიტანილი. ისინი ბრიტანეთის კონტრტერორისტულმა პოლიციამ გასულ თვესაც დააკავა გლოსტერშირის საგრაფოში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზასთან გამოვლენილი საეჭვო აქტივობის გამოძიების ფარგლებში.
პოლიციის განცხადებით, „დიდი ალბათობით, საქმეში ირანის სახელმწიფოა ჩართული“. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 27 სექტემბერს, გამთენიისას სამხედრო-საჰაერო ბაზის მახლობლად სამი დიდი ფურგონი გააჩერეს.
„გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მტკიცებულებების შეგროვებას ვაგრძელებთ. ამ ეტაპზე ჩვენი, პოზიცია უცვლელია. მიგვაჩნია, რომ დიდი ალბათობით, საქმეში ირანის სახელმწიფოა ჩართული. ჩვენი გამომძიებლები კვლავ სწავლობენ, რა მასშტაბის იყო ეს მონაწილეობა და რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული ქმედება“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს კონტრტერორისტული პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლორენს ტეილორმა.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-მა RAF Fairford-ის ბაზიდან თავისი ბომბდამშენები გაიყვანა. ამერიკული მხარის განცხადებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ირანის მხრიდან დრონებით თავდასხმის შესაძლო საფრთხე იყო.