სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე წელს 60 მილიონი ლარი დაიხარჯება
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე წელს 60 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოში წელს 60 მლნ ლარის ღირებულების სპორტული ინფრასტრუქტურის 22 პროექტი განხორციელება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისსა და ზუგდიდში ოლიმპიური აუზის (50მ) მშენებლობა იგეგმება; აუზები აშენდება ახალციხეში, ფოთსა და მარნეულშიც, ასევე მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი რუსთავსა და ფოთში; სტადიონების რეაბილიტაცია – სამტრედიაში, ხაშურსა და კასპში, ახალი სტადიონების მშენებლობა – ყვარელსა და მარნეულში.

მაია ცქიტიშვილმა 2018 წლის ანგარიშისა და 2019 წლის გეგმების პრეზენტაციაზე რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შარშან ჩვენ დავიწყეთ და წელსაც გაგრძელდება კომპლექსური მშენებლობები სპორტული დარბაზების, საცურაო აუზებისა და სხვა ტიპის სპორტული ინფრასტრუქუტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, 2018 წელს დასრულდა ახმეტისა და სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტებში სპორტული კომპლექსისა და თანამედროვე სტადიონის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტები. მოეწყო თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურა, რითაც ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ სარგებლობას.

ამასთან, „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ 2018 წელს მუნიციპალიტეტებში მცირე ზომის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის 4.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა, წელს იგივე მიზნებისთვის 5.5 მლნ ლარია გამოყოფილი.