სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი შესაძლოა, ფიქსირებული 100 ლარით განისაზღვროს
სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი შესაძლოა, ფიქსირებული 100 ლარით განისაზღვროს

სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა შესაძლოა, მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვროს.

შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 29 აპრილის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად, 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა და მიხეილ ყაველაშვილი არიან.

ინიციატორები განმარტავენ, რომ 2016 წელს „საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულმა ცვლილებებმა ავტოსატრასპორტო საშუალებების განბაჟების საგრძნობი გაძვირება გამოიწვია, რითაც საქართველოს საავტომობილო სპორტს პრობლემა შეექმნა.

„ავტოსპორტი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული სპორტის სახეობას წარმოადგენს და მისთვის სპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების იმპორტი გართულდა, მათ შორის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იაპონიიდან შემოყვანა, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, სპორტულ ავტომობილად მოდიფიცირებისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნული ცვლილების შემდეგ სპორტული ავტომობილების პარკი საგრძნობლად შემცირდა და შედეგად რამდენიმე კლასი საერთოდ გაუქმდა. ამასთან, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას საერთაშორისო საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან გარკვეული ვალდებულებები გააჩნია და როგორც ავტოპარკის შემცირება, ასევე კლასების გაუქმება ეროვნული ფედერაციის მიერ ვალდებულებების შესრულებასა და სპორტის ამ სახეობის განვითარებას აფერხებს“, – განმარტავენ ცვლილებების ავტორები. ინიციატორების პროგნოზით, წლის განმავლობაში მოსალოდნელია სპორტისთვის განკუთვნილი 20-30 ავტომობილის იმპორტირება, რაც მათი მოსაზრებით, ხელს შეუწობს ახალი თაობისა და მოყვარული ავტომრბოლელების ამ სახეობაში ჩართვას და მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს მოქმედ პროფესიონალ სპორტსმენებსაც.