სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორის წარმომადგენლები მთავრობას ფინანსური და საგადასახადო შეღავათების დაწესებისკენ მოუწოდებენ
სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორის წარმომადგენლები მთავრობას ფინანსური და საგადასახადო შეღავათების დაწესებისკენ მოუწოდებენ

თბილისში არსებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების დამფუძნებლები და მენეჯმენტი მთავრობას მიმართავს.

მათ დღეს პრესკონფერენცია გამართეს და მთავრობას მოუწოდეს, კიდევ ერთხელ განიხილონ სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორისთვის ფინანსური და საგადასახადო შეღავათები.

კერძოდ, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების დამფუძნებლები სექტორის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლებას, ასევე სესხებისა და სალიზინგო ვალდებულებების სუბსიდირებას ითხოვენ.

„მოგმართავთ თბილისში არსებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების დამფუძნებლები და მენეჯმენტი. მოგეხსენებათ, რომ ფიტნესინდუსტრია ახალი და საკმაოდ დინამიკურად მზარდი ეკონომიკური სფეროა, რომელიც მძიმე და კრიზისული ფონის მიუხედავად, აგრძელებდა ფუნქციონირებას, ასაქმებდა ხალხს და ხელს უწყობდა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ინდუსტრიაში განხორციელებულმა კერძო ინვესტიციებმა ათეულობით მილიონი ლარი შეადგინა. შედეგად, ხდებოდა დარგის განვითარება და მაღალი სტანდარტების დაწესება. თუმცა ოპერირების თითქმის 10-თვიანი შეჩერების გამო, დღეს ჩვენი ინდუსტრია განსაკუთრებით მძიმე ფინანსურ წნეხს განიცდის.

ფუნქციონირების შეჩერების შემდეგ, კომპანიები დარჩნენ შემოსავლის წყაროს გარეშე და მხოლოდ თავიანთი ფინანსური ვალდებულებების პირისპირ. ყოველივე ამის ფონზე, მოგვიწია დამატებითი ხარჯების განხორციელება, რათა არსებული ინფრასტრუქტურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად მოგვეწყო. რეგულაციების გათვალისწინებით შეზღუდული გვქონდა კლუბებში დასაშვები ადამიანების რაოდენობა, სოციალური დისტანციის შესანარჩუნებლად აღმართული გვქონდა დამცავი ბარიერები, გადალაგებული გვქონდა ინვენტარი, გამოტოვებით დალუქული გასახდელები, ჯგუფურ ვარჯიშებზე დასასწრებად ვმუშაობდით წინასწარ ჩაწერით და გაძლიერებული გვქონდა დასუფთავებისა და დეზინფექციის პროტოკოლები.

გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომ პანდემიასთან ბრძოლის ყველა ეტაპზე ჩვენ შევასრულეთ მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები და წესები, რადგან გვჯერა, ქვეყანაში გატარებული პრევენციული ზომები პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღია. ამ ეტაპისთვის კი ფაქტობრივად ერთწლიანი გაჩერების, დრამატულად შემცირებული შემოსავლების და დაგროვილი დავალიანებების ფონზე, სამწუხაროდ კომპანიებს არ გააჩნიათ რესურსი საიმისოდ, რომ შეძლონ სასესხო ვალდებულებებისა და გადასახადების გადახდა. ჩვენ მიერ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მიმდინარე კრიზისის პირობებში ჯერჯერობით არ მომხდარა ჩვენი ინდუსტრიისთვის ფინანსური და საგადასახადო შეღავათების დაკმაყოფილება. ჩვენ ვიცავთ დაწესებულ რეგულაციებს, მივყვებით დადგენილ წესებს, თუმცა ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია სფეროს გადარჩენა და მისი სტაგნაციის თავიდან არიდება მხოლოდ საკუთარი ძალებით.

მოგმართავთ თხოვნით, კიდევ ერთხელ განიხილოთ სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორისთვის ფინანსური და საგადასახადო შეღავათები, კერძოდ კი სექტორის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლება, სესხებისა და სალიზინგო ვალდებულებების სუბსიდირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს რთულად მიგვაჩნია დაგროვილი სასესხო და სხვადასხვა ფინანსური ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, ოპერირების აღდგენა. ვფიქრობთ, ნათელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მოსახლეობისთვის ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღ, და რაც მთავარია, რეგულაციებით დაცულ გარემოში დაბრუნება“, – ნათქვამია სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორის წარმომადგენლების განცხადებაში.