სპორტდეილი - „ლოკომოტივი“ კვირკველიას აგენტს ვერ უთანხმდება
სპორტდეილი - „ლოკომოტივი“ კვირკველიას აგენტს ვერ უთანხმდება
საბა კვირკველიას აგენტი მოსკოვის „ლოკომოტივს“ ვერ უთანხმდება – ინფორმაციას რუსული გამოცემა „სპორტდეილი“ ავრცელებს.
 
საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველს მოსკოვის „ლოკომოტივში“ აღარ ათამაშებენ და ამის გამო ნოემბრის სანაკრებო თამაშებსაც გამოტოვებს. მიზეზი დღემდე უცნობია. „სპორტდეილი“ საქართველოს ნაკრების მცველის შესახებ უცნობ დეტალებს ავრცელებს.
„საბა კვირკველიას წუთსაც არ ათამაშებენ. სიომინი, რომელიც ტრადიციულად ჟურნალისტებთან გახსნილია, რატომღაც ქართველ ლეგიონერთან დაკავშირებულ კითხვებზე დამაჯერებლად ვერ პასუხობს. „ლოკომოტივთან“ დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ კვირკველიას აგენტი გაეტანო მონტაბანო და კლუბის გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე ვერაფერზე შეთანხმდნენ. ასევე მოხდა „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიას სწრაფი გადასვლის დროს, რომელსაც იგივე იტალიელი მფარველობდა. სიომინს კი ხელები აქვს შეკრული და ფეხბურთელზეც ეს ამბავი სასიკეთოდ არ მოქმედებს“, – წერს გამოცემა.
„სპორტდეილი“ არ აკონკრეტებს, თუ რა საკითხზე ვერ თანხმდებიან კვირკველიას მენეჯერი და „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორი. თუმცა, რუსულ მედიაში იყო ინფორმაცია, რომ კვირკველია გუნდზე ნაწყენია, ინგლისის პრემიერლიგის „ლესტერში“ ტრანსფერი რომ ჩაუშალეს და კლუბის დატოვებას აპირებს.
მეორე ვერსიით, მოსკოვური კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვიდან ყაზანის „რუბინში“ გადავიდა.