„სპორტ-ექსპრესი” - არველაძე ხვიჩას ლობირებს „აიაქსში“, რომელიც მზადაა 20 მილიონი გადაიხადოს #1TVSPORT
„აიაქსი“ იდეალურია ხვიჩასთვის და „რუბინისთვის“. ნიდერლანდური კლუბი კი მზადაა, ქართველის ტრანსფერი 20 მილიონ ევროდ გამოისყიდოს“, – ამტკიცებს „სპორტ-ექსპრესი“.
გამოცემაში გამოქვეყნებულ წერილში ავტორი ხვიჩა კვარაცხელიასადმი ამსტერდამის „აიაქსის“ დაინტერესებას შეეხო და ამტკიცებს, რომ ამსტერდამელები მზად არიან, 20 მილიონი ევრო გადაიხადონ.
„ჰოლანდიური კლუბი დაინტერესებულია, რომ ქართველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შეიძინოს. ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მალე შეხვდება „აიაქსის“ სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს. ჯუღელმა ევროპულ კლუბებთან აქტიური მოლაპარაკებები გაზაფხულზე დაიწყო. ესპანეთისა და საბერძნეთის კარში გატანილი გოლების შემდეგ, კვარაცხელიას მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. უკვე ცნობილი იყო „მილანის“ დაინტერესების შესახებ: წითელ-შავების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ხვიჩას რეკომენდაცია გაუწია. იგივე სერიიდან არის შეხვედრა „აიაქსის“ ხელმძღვანელობასთან – ჩვენი ცნობით, ამსტერდამის კლუბის ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე დაეხმარა ფეხბურთელის აგენტს და „აიაქსის“ ხელმძღვანელობასთან შეახვედრა. ვეტერან ქართველ ფეხბურთელს სურს კვარაცხელიას ევროპაში გადასვლაში დაეხმაროს და ურჩევს ამსტერდამის კლუბში გადასვლას, სადაც თავად ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს 95 მატჩი ითამაშა“, – ამტკიცებს „სპორტ-ექსპრესი“.
გამოცემის ცნობით, „რუბინი“ კვარაცხელიაში 20 მილიონ ევროს ითხოვს:
„ყაზანელები მზად არიან, კვარაცხელია 20 მილიონი ევროდ ან მეტ თანხად გაყიდონ. ასეთი სურვილი გამოთქვა ჯუღელმა, რომელიც ზაფხულში კლიენტის ევროპულ კლუბში გადაყვანას გეგმავს. „რუბინი“ უკვე მზადაა, რომ ფეხბურთელი ზაფხულში გაუშვას. ყაზანის გუნდი სავარაუდოდ, კონფერენციის ლიგაზე მოხვდება. კვარაცხელიას კი ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს. „აიაქსი“ არის კლუბი, სადაც ხვიჩას დიდი შანსი ექნება, თავი ბრწყინვალედ აჩვენოს.
პირველი, გუნდის თამაშის სტილი ხვიჩასთვის შესაფერისია – ქართველს თავდასხმაში თავის უნარების დემონსტრირებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება.
მეორეც, ნიდერლანდური ლიგა თავად კვარაცხელიას შეეფერება, რომელიც დრიბლინგზე მიდის და თამაშს ამძაფრებს.
მესამე, ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატის დიდ კლუბში გადასასვლელად სასარგებლო სწორედ ჰოლანდიაში თამაშია. დიდია იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ერედივიზიაში წარმატებული სეზონის შემდეგ უკეთეს ლიგებში დაწინაურდნენ.
არაა გამორიცხული, რომ ზაფხულში „აიაქსი“ლიდერების გაყიდვას გეგმავდეს. „აიაქსისთვის“ 20 მილიონი ევროს გადახდა ნამდვილად სერიოზული თანხაა, მაგრამ კლუბმა ზამთარში 22.5 მილიონ ევროდ ფორვარდი სებასტიან ალერი იყიდა. ანუ, „აიაქსმა“ უკვე აჩვენა, რომ მზადაა გადაიხადოს ის ფული, რასაც „რუბინი“ კვარაცხელიაში მოსთხოვს“.
„სპორტ-ექსპრესის“ ცნობით, მნიშვნელოვანი დეტალია, რომ „რუბინმა“ ნიდერლანდელებისგან შემდგომი ტრანსფერიდან თანხის მიღების პირობა მიიღო:
„კონტრაქტში შემდგომი გაყიდვიდან პროცენტის პუნქტის შეტანაა დაგეგმილი – საუბარია დაახლოებით 20%-ზე. ამიტომ, ყაზანური კლუბისთვის, „აიაქსის“ ვარიანტი თითქმის იდეალურია მისი ბიზნეს-მოდელის გამო. 2019/20 სეზონის შემდეგ ამსტერდამელებმა ფეხბურთელების გაყიდვაში 327 მილიონი ევრო მიიღეს. ანუ კლუბი მიზნად ისახავს შემდგომში ხვიჩას კიდევ უფრო მომგებიან რეალიზაციას და შეეცდება, კვარაცხელიას ტრანსფერი უფრო მეტ თანხად განახორციელოს. ეს ფუნდამენტური განსხვავებაა „მილანისგან“, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ამდენ ფულს ტრანსფერებზე ვერ შოულობდა. არ არის გამორიცხული, რომ ყაზანელებმა ამ გარიგებით დამატებით 8-10 მილიონი ევროს შოვნა შეძლონ“.