სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს
სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

22 ნოემბერს სპეცოპერაციის დროს დაღუპული, 41 წლის სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

სამხედრო ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

ივანე გოლაშვილის დაკრძალვის ცერემონიას მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, რიგითი მოქალაქეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სრული შემადგენლობით დაესწრო.

ივანე გოლაშვილის ცხედარი ქაშუეთის ეკლესიაში იყო დასვენებული, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

41 წლის სპეცრაზმელის ოჯახი სახელმწიფოსგან ერთჯერადად 100 000 ლარს, ყოველთვიურად კი 1000 ლარიან დახმარებას მიიღებს.

ივანე გოლაშვილი 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა, მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.