რუსეთის პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების მიმართ მკაცრი კრიტიკით ცნობილი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს „მკვლელობა“ დადგმული აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ჟურნალისტი უკრაინული სპეცსამსახურების სპეცოპერაციის მონაწილე იყო. კიევში ამტკიცებენ, რომ ბაბჩენკოს მკვლელობის დამკვეთი დაკავებულია.
რა თქვეს უშიშროების სამსახურში და პროკურატურაში
უკრაინელი ძალოვნების ინფორმაციით, ის, რომ ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა იგეგმებოდა, მათთვის ორი თვის წინ გახდა ცნობილი, ერთი თვის წინ კი, თავად ჟურნალისტმაც დაიწყო უკრაინელ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. მათივე მტკიცებით, სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცავებმა შეძლეს იმ ადამიანის გადაბირებაც, რომელსაც ჟურნალისტის მკვლელობა შეუკვეთეს. როგორც გამოძიება ამტკიცებს, ეს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ვეტერანია. გავრცელებული ცნობით, ბაბჩენკოს მკვლელობის სანაცვლოდ მას 30 ათასი დოლარის გადახდას დაპირდნენ.
თუმცა, საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთ ადამიანი. როგორც უკრაინელი ძალოვნები ამტკიცებენ, თავდაპირველად, რუსეთის სპეცსამსახურებმა რეპორტიორის მკვლელობა უკრაინის მოქალაქე „გ“-ს დაავალეს, რომელმაც, თავის მხრივ, ეს საქმე თავის ნაცნობ ვეტერანს გადააბარა და წინასწარ 15 ათასი დოლარიც გადაუხადა. „გ“-მ მკვლელობის შემსრულებელს სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით გადასცა ე.წ. ბაბჩენკოს დოსიე, რომელიც აერთიანებდა ყველა საჭირო ინფორმაციას, მათ შორის, არკადი ბაბჩენკოს პირადი ინფორმაციის შემცველ მონაცემებს, როგორიცაა მისი პასპორტის ნომერი, ელ. ფოსტა, სოციალური ქსელების პროფილის მისამართები და ა.შ. „გ“-ს გასამრჯელოდ 10 ათასი დოლარი უნდა მიეღო.
როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურში ამტკიცებენ, მათ სწორედ უკრაინის მოქალაქე „გ“ დააკავეს, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ უკრაინის დატოვებას აპირებდა. მათივე თქმით, დამნაშავე რამდენიმე საათი წინ დააკავეს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსი ამტკიცებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინის მოქალაქე „გ“-ს 30-ზე მეტი მოქალაქის და სხვა ტერაქტების მოწყობისთვის შემსრულებლების მოძიებაც დაავალა. შესაძლო სამიზნეების სახლები დღეს ბრიფინგზე არ დაუსახელებიათ.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, ერთ-ერთი დავალება მოიცავდა „გ“-ს მიერ უკრაინის აღმოსავლეთში იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მოძიებასა და მათი კიევის ოლქში საიდუმლო სამალავში ჩამარხვას.
როგორც უკრაინის პროკურატურა ამტკიცებს, სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციაში მონაწილე პირს, რომელი უკრაინელ სამართალდამცავებთან თანამშრომლობდა და ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირება უშუალოდ ჰქონდა დავალებული, საქმეში მოწმის სტატუსი აქვს.
რა თქვა ჟურნალისტმა
პრესკონფერენციაზე ბაბჩენკომ ბოდიში მოუხადა ახლობლებს და კოლეგებს, რომ მათი მოტყუება მოუწია.
„მე ბევრი მეგობარი დავმარხე და ჩემთვის ეს გრძნობა ცნობილია. ამიტომ, ბოდიში, რომ ამის გადატანა მოგიწიათ“, – განაცხადა რუსმა ჟურნალისტმა.
რუსი ჟურნალისტის მტკიცებით, ის უკრაინულ სპეცსამსახურებთან ერთი თვეა, თანამშრომლობს და მათთან უშუალო კონტაქტი აქვს. მისივე თქმით, ამ სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი ადამიანი, „დანაშაული დასრულებულია და ბრალი დამტკიცებული“, – განაცხადა ბაბჩენკომ.
ამასთან, ჟურნალისტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი მკვლელობა კიევში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიმდინარეობის დროს იგეგმებოდა. მისივე მტკიცებით, ის ფაქტი რომ დამკვეთებს ჰქონდათ მისი საპასპორტო ფოტო, რომელიც, მხოლოდ მას აქვს და მეტს არავის (გარდა რუსეთის საპასპორტო სამსახურის თანამშრომლებისა), მიუთითებს, რომ მკვლელობის დამკვეთი რუსეთის სპეცსამსახურები იყვენენ.
ამასთან, ბაბჩენკო ამბობს, რომ მას უკრაინულმა მხარემ სპეცოპერაციაში მონაწილეობა შესთავაზა და მას უარის თქმის მიზეზი არ ჰქონდა.
ბაბჩენკო ასევე ვარაუდობს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა უფრო მასშტაბური ტერაქტების აღკვეთა შეძლო.
„ერთი კვირის წინ რუსეთში ამბობდნენ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ გეგმავდა ტერაქტებს. სავარაუდოდ, ეს მე უნდა ვყოფილიყავი“, – განაცხადა ბაბჩენკომ.
„დადგმული მკვლელობა“
უკრაინაში მყოფი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. უკრაინის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ მას 3 ტყვია ზურგში ესროლეს და ის მეუღლემ იპოვა. მათვე ცნობით, ბაბჩენკო სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
მომხდარი გამო არაერთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება და ჟურნალისტის მკვლელობის გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა. განცხადებები გააკეთეს ევროკავშირში, ევროსაბჭოში დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში, „ამნესთი ინთერნეიშენელში“ და ა.შ.
დღეს, 30 მაისს ბაბჩენკო უკრაინელი სამართალდამცავების ბრიფინგზე ცოცხალი მივიდა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, არკადი ბაბჩენკოს 24-საათიანი დაცვა დაუნიშნეს.