სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, საქართველოს სახალხო დამცველის „არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზის“  შესახებ კვლევის პრეზენტაციას  დაესწრო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ანგარიში არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკულ საკითხებს მოიცავს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და რეკომენდაციებს ეფუძნება. სპეციალურ ანგარიშში მიმოხილულია 2013-2019 წლებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ქართული სასამართლოს  მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და მათი პრაქტიკული ანალიზი.

მათივე ცნობით, კოკა კაციტაძემ სახალხო დამცველის კვლევაში მოცემული საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ევროპის საბჭოს მინისტრთა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების მხრიდან საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს, რათა არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაცია სხვა უფრო მსუბუქი მუხლებით არ მოხდეს.

„ამ მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა, რომელიც მიმდინარე წლის 31 ივლისს სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცდა. დოკუმენტი ევროპული სასამართლოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით არასათანადო მოპყრობის და სხვა სამოხელეო დანაშაულების ერთმანეთისგან გამიჯვნის და ზუსტი კვალიფიკაციის საშუალებას იძლევა.

აღნიშნული სახელმძღვანელო დოკუმენტი სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურ ანგარიშთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება გახდეს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

„სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, რომელიც  არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის საკითხებს ეხება, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული კვლევა. ეს ანგარიში ეფუძნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეებს, სტანდარტებს და მათ რეკომენდაციებს. ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ამ ანგარიშში გაანალიზებულია ქართული სასამართლოს პრაქტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული აქვს სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის საკითხებს არეგულირებს და ვფიქრობთ, რომ ეს ორი დოკუმენტი სამომავლოდ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება“, – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს და საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.