სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე მოქალაქეთა საჩივრებსა და პრეტენზიებთან დაკავშირებით 3 500 სამართალდამცავი გამოიკითხა
2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეთა საჩივრებსა და პრეტენზიებთან დაკავშირებით 3500 სამართალდამცავია გამოკითხული. აღნიშნულის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2022 წლის პირველ მარტს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მასზე დაკისრებული მანდატის განხორციელებასთან ერთად, წინამორბედი სამსახურის მიერ დაწყებული რამდენიმე ასეული სისხლის სამართლის საქმეც გადაეცა, სადაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სწორედ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ, უმეტეს შემთხვევაში, სამართალდამცავები მათ მიმართ არსებულ საჩივრებთან დაკავშირებით არ იყვნენ გამოკითხული.
უწყების ინფორმაციით, ამ გამოწვევის საპასუხოდ სამსახურმა ამოქმედებისთანავე აქტიურად დაიწყო ძალადობასთან, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით სამართალდამცავების მიმართ არსებული მოქალაქეთა როგორც ძველი, ასევე ახალი საჩივრების შესწავლა, გამოძიება, სამართალდამცავების საგამოძიებო ორგანოში დაბარება და მათი გამოკითხვა.
„ეს მოცემულობა ცხადად აჩვენებს სახელმწიფოს მაღალ პასუხისმგებლობას არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის და მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიმართულებით. დღეს ყველა სამართალდამცავმა, განურჩევლად მისი თანამდებობისა, რანგისა თუ პოზიციისა, იცის, რომ მის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით მოქალაქის პრეტენზიის ან საჩივრის შემთხვევაში მოუწევს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება, რამდენიმე საათის განმავლობაში გამომძიებლის შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მათ შორის, დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში – პასუხისმგებლობის დაკისრება. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველი მარტიდან მოყოლებული ეს პროცესი არ შეფერხებულა და, მათ შორის, მიანიშნებს იმ სამართალდამცავი ორგანოების მაღალ პასუხისმგებლობაზე, რომელთა თანამშრომლების მიმართაც საჩივრები არსებობს. ასევე, ნათლად წარმოაჩენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, როგორც ამ კატეგორიის საქმეების გამოძიების უფლებამოსილების მქონე უწყების როლს და არჩეულ სწორ კურსს. ფაქტობრივად, არცერთი ის სამართალდამცავი, რომლის მიმართაც საჩივარი არსებობდა, პასუხისმგებლობის მიღმა არ დარჩენილა, შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესში არ დაგვიტოვებია არცერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა. სწორედ ამას მოწმობს 3 500 სამართალდამცავის გამოკითხვა. ამ პროცესმა, მათ შორის, მოიტანა ისეთი მნიშნელოვანი შედეგი, როგორიც დანაშაულის პრევენციაა, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ მთავარ გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს. არასათანადო მოპყრობის დანაშაულის კლება სახეზეა და ამის თაობაზე ჩვენ დეტალურ ანგარიშს საზოგადოებას მოგვიანებით წარვუდგენთ“, – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ საკომიტეტო მოსმენაზე.