სპეციალური საგამოძიებო სამსახური - შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეებისადმი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეებისადმი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან 7-8 მარტს აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

მათივე განმარტებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება და იგეგმება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შემოვიდა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან 2023 წლის 7-8 მარტს აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სამსახური თითოეულ შემოსულ შეტყობინებაზე სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს, ასევე სწავლობს მედიასაშუალებებით გასულ ვიდეოკადრებში ასახულ აქციის მონაწილეების დაკავებისას ძალის შესაძლო გადამეტების ინდივიდუალურ შემთხვევებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება და იგეგმება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.