სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისის ციხეში ბრალდებულის შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისის ციხეში ბრალდებულის შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისის ციხეში ბრალდებულის შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულს მედპერსონალის მიერ ყოველდღიურად მიეწოდება ახსნა-განმარტებები ადამიანის ჯანმრთელობაზე შიმშილობის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი არ წყვეტს შიმშილობას.

მათივე ცნობით, ბრალდებული პერიოდულად უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული იმყოფება მედპერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ და მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა სტაბილურია.

„ბრალდებული კ. ო. (დაბადებული 1973 წ.) პასუხისგებაში მიცემულია 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება). კ.ო. 3.10.2019 წ. დაკავებულია ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მიერ, ხოლო N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის სახით მოთავსებულია 5.10.2019 წ.

ბრალდებულმა 7 ოქტომბრიდან გამოაცხადა შიმშილობა პირად საქმესთან დაკავშირებით. კერძოდ, ის არ ეთანხმება წაყენებულ ბრალს. კ.ო. პერიოდულად ცვლიდა შიმშილობის ფორმას და გადადიოდა არასრულ შიმშილზე. 8.10.2019 წ.-დან მოთავსებულია ელექტრო-ვიზუალური მეთყვალყურეობის ქვეშ.

ბრალდებული კონსულტირებულ იყო მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ნარკოლოგის მიერ და ჩაერთო მეტადონის დეტოქსიკაციის კურსში (რომელიც დაასრულა 11.11.2019 წ.).

ამ ეტაპზე დასმული დიაგნოზია: ქრონიკული C ვირუსული ჰეპატიტი, რემისია (ნამკურნალები ანტივირუსული პრეპარატებით 2018 წ).

07.10.2019 და 17.10.2019 წ: ბრალდებულს ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია. გასინჯვის შედეგად მონაცემები იყო ნორმის ფარგლებში. 10.10.2019, 07.11.2019 წ. და 03.12.2019 წ. გაეწია ფსიქიატრის კოსულტაცია. 23.10.2019 წ. 13.11.2019, 19.11.2019, და 02.12.2019 წ. ბრალდებულს ჩაუტარდა თერაპევტის კონსულტაცია.

შიმშილობის პერიოდში ბრალდებულს ჩაუტარა სხვადასხვა გამოკვლევა, კერძოდ, 30.10.2019, 08.11.2019 წწ- სისხლის და შარდის საერთო ანალიზები (ნორმის ფარგლებში). ობიექტური მონაცემები მერყეობს- წნევა 100- 120/ 70- 80, პულსი- 75, ფარგლებში.

3.12.2019 წ. ბრალდებულმა ამოიკერა პირი – (როგორც თავად განმარტავს, საპარსის ლითონის დეტალით) გაიკეთა თითო ნახვრეტი ზედა და ქვედა ტუჩზე, გაყრილი აქვს ტანსაცმლის ქსოვილიდან ამოღებული ძაფი.

ბრალდებულს მედპერსონალის მიერ ყოველდღიურად მიეწოდება ახსნა-განმარტებები ადამიანის ჯანმრთელობაზე შიმშილობის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი არ წყვეტს შიმშილობას. ო.კ. პერიოდულად უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე, კერძოდ- გასინჯვაზე, სისხლის და შარდის საერთო ანალიზების აღებაზე, ასევე ინტრავენური ინფუზიის გაკეთებაზე.

ბრალდებული იმყოფება მედპერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ, საჭიროების შესაბამისად, ხდება დაზიანების დამუშავება. ბრალდებულის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა სტაბილურია“,- აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებული კობა ომანაძე აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს. ომანაძე ამ დროისათვის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მისი საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს დაიწყო.

დატოვე კომენტარი