სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების ტესტირების შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების ტესტირების შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების ინტენსიური „პისიარ“ ტესტირების შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირების შედეგების შესახებ. ამჯერად ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან, მოცემული დაწესებულება არის დიდი ზომის, ამ ეტაპისთვის ტესტირება ჩატარდა N8 დაწესებულების ნაწილში, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ორ დღეში დასრულდება. დღეის მდგომარეობით, ტესტირება გაიარა 791-მა პატიმარმა, რომელთაგან სამს დაუდასტურდა covid-19. ინფიცირებული პირებიდან ორი ერთ საკანში მყოფი პატიმარი იყო, ხოლო ერთი – სხვა საკანში იმყოფებოდა. სამივე ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია გადაყვანილი. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო მათი თანამესაკნეები დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან მოთავსებულები. ისინი ყოველ 72 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდებიან, ხოლო ორ კვირაში კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას“, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, პარალელურად, ინტენსიური „პისიარ“ ტესტირება ორ ეტაპად ჩატარდა N15 (ქსნის) პენიტენციურ დაწესებულებაშიც და ტესტირების შედეგების სრულად მიღების შემდეგ, საზოგადოებას მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია.

„ამასთანავე, 22 იანვარს covid-19 დაუდასტურდა N2 (ქუთაისის) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოთხ პატიმარს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა 12 იანვარს კოვიდდადასტურებულ პირთან და რომლებიც როგორც ინფიცირებული პირის კონტაქტები 12 იანვრიდან იზოლაციაში იმყოფებიან დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან მედპერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. კერძოდ, ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან, ყოველდღიური თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი და სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მონიტორინგი უტარდებათ“, – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ 21 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N2 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ ბ.ე.- ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, სიცრუეა.

„მოცემული პირი ასევე იზოლაციაშია, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი, თუმცა მას ვირუსი დადასტურებული არ აქვს“, – აცხადებენ უწყებაში.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური „პისიარ“ ტესტირება გასული წლის ბოლოს დაიწყო და უწყების ცნობით, უახლოეს დღეებში ეს პროცესი მთელ პენიტენციურ სისტემას მოიცავს.

„აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

დატოვე კომენტარი