სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ნანა სანდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა აგვისტოს თვეში სატელეფონო ლიმიტი სრულად ამოწურა, რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, დაწესებულებაში განთავსების დღიდან ის უზრუნველყოფილია ვეგანური კვებით, აქვს საკუთარი საბანკო ბარათი, რომლითაც შეუფერხებლად სარგებლობს დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.
მსჯავრდებული ნანა სანდერი სასჯელს იხდის N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულებაა. მისთვის განსაზღვრული საშიშროების მომეტებული რისკის შესაბამისად, ის განთავსებულია დაწესებულების დახურულ ნაწილში.
პენიტენციური კოდექსის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის ლიმიტი ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 75 წუთს.
მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა აგვისტოს თვეში მისთვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი სრულად ამოწურა.
რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მსჯავრდებულმა დაწესებულებაში განთავსებისას განაცხადა, რომ იყო ვეგანი, შესაბამისად, დაწესებულებაში განთავსების დღიდან (2025 წლის 08 ოქტომბრიდან) ის უზრუნველყოფილია ვეგანური კვებით.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ ნანა სანდერს 2025 ოქტომბრის თვიდან აქვს საკუთარი საბანკო ბარათი, რომლითაც შეუფერხებლად სარგებლობს დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში, სადაც ყიდულობს მისთვის სასურველ როგორც ვეგანურ, ასევე არავეგანურ (რძის პროდუქტები) საკვებს. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ინახება N5 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.