სპეციალური პენიტენციური სამსახური - მე-17 დაწესებულებაში წვევამდელმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა
სპეციალური პენიტენციური სამსახური - მე-17 დაწესებულებაში წვევამდელმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

​წვევამდელმა ხაჩატურ მანკასარიანმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა, ამი შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სპეციალური პენიტენციურ სამსახურში მიაწოდეს.

უწყების ცნობით, შემთხვევა 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე მოხდა, როდესაც  ხაჩატურ მანკასარიანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, წვევამდელს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

იგი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა.

1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სავალდებულო სამხედრო სამსახურში იქნა გაწვეული. მანკასარიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.