სპეციალური პენიტენციური სამსახური 134 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური 134 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახური 134 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს.

სამსახურის ინფორმაციით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი. სოციალური მუშაკის 23 ვაკანსიაზე კი, ღია კონკურსი გამოცხადდა.

ასევე, რეორგანიზაციის ფარგლებში, ორად გაიყო გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველო. მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო. ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარ სამმართველოს შეუერთდა ყოფილი სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო. შედეგად, ესკორტის ოფიცერთა (ყოფილი ბარდაგები/გუშაგები) კორპუსი გაიზარდა და მათი ოდენობა 555 საშტატო ერთეულით განისაზღვრა, რომელთაგან 60-მდე პოზიცია კონკურსის წესით შეივსო, 400-მდე საშტატო ერთეული ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა, ხოლო 111 ვაკანტურ ადგილზე ღია კონკურსი გამოცხადდა. აქედან 89 ესკორტის ოფიცრის, ხოლო 22 ესკორტის ოფიცერი მძღოლის ვაკანსიაა.

„მოცემულმა ცვლილებებმა და სიახლეებმა საბოლოოდ თავიდან უნდა აგვაცილოს ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლო პროცესების ჩაშლა ან გადადება ხდებოდა პატიმართა ბადრაგირების შეუძლებლობის გამო“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 134-ვე პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.  ესკორტის ოფიცრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური ფორმით და კვებით 24-საათიანი მორიგეობისას.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებულ 134 ვაკანსიაზე საკონკურსო განაცხადის ნახვა და შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე hr.gov.ge.