სპეციალური მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნების გაფართოება იგეგმება
სპეციალური მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნების გაფართოება იგეგმება

სპეციალური მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნების გაფართოება იგეგმება.

შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა.

განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ მოთხოვნების გაფართოება გაზრდის სპეციალურ მასწავლებლად დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობას.

ცვლილების მიხედვით, სპეციალური მასწავლებელი მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული ჰქონდეს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ასევე უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ცვლილებებით, ასევე უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, ან სულ მცირე ფსიქოლოგის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტის მიხედვით, ის სპეციალისტები, რომლებიც 2018 წლის 10 აგვისტომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული იყვნენ ინკლუზიური განათლების მიმართულებით და ვერ აკმაყოფილებდნენ სპეციალური მასწავლებლისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაძლებლობა ექნებათ, დარჩნენ სისტემაში და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარების გზით, კვალიფიკაცია დაადასტურონ – 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.

მთავრობა განმარტავს, რომ აღნიშნულით დაშვება კეთდება, რომ ამ პუნქტებით გათვალისწინებული განათლების მქონე პირებს შეეძლებათ, მუშაობა დაიწყონ სპეციალურ მასწავლებლად და კვალიფიკაცია დაადასტურონ მუშაობის დაწყებიდან ორი წლის ვადაში.

მთავრობის მოსაზრებით, აღნიშნული საშუალებას მისცემს სისტემას, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, უზრუნველყოს სსსმ მოსწავლეებისათვის განათლების მიწოდება და არ წარმოიქმნას კადრის დეფიციტი. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გამოცდის ჩაბარების ვალდებულება ექნება ყველა პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლისთვის.

„აღნიშნული პუნქტით დადგენილი ვადის შემდეგ სისტემაში მომუშავე ყველა სპეციალურ მასწავლებელს დადასტურებული ექნება კვალიფიკაცია, რაც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლეებისათვის განათლების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, სისტემაში აღარ იარსებებს პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი“, – განმარტავს მთავრობა.