სპეციალისტების რეკომენდაციით, გრიპის ვირუსის დროს ქუჩაში პირბადის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის
სპეციალისტების რეკომენდაციით, გრიპის ვირუსის დროს ქუჩაში პირბადის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ პირბადის ტარებას აქვს მკაცრი წესები.

როგორც პირველ არხს ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, პირბადის გამოყენება ოთხ საათში ერთხელ უნდა მოხდეს და ქუჩაში მისი ტარება რეკომენდებული არ არის.

მისი თქმით, გრიპის ვირუსის გამოჩენის შემდეგ რეკომენდირებულია, რომ ავადმყოფი დარჩეს სახლში, მას უნდა ჰყავდეს ერთი მომვლელი და ყველა არ უნდა იყოს ძალიან ახლო კონტაქტში.

“ნიღბის ტარებას აქვს მკაცრი წესები. ქუჩაში არ შეიძლება ნიღბის გამოყენება, ვინაიდან ძალიან იოლად ინესტება, ნესტიანი ნიღაბი სუნთქვის პრობლემას იწვევს. მისი გამოცვლა უნდა ხდებოდეს ყოველ ოთხ საათში ერთხელ. ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, რადგან გრიპი არის ჰაერწვეთოვანი ინფექცია და ყველაზე ხშირად გადაცემა ხდება არა ჰაერით, არამედ ხელებით. მთავარია, ექიმის დანიშნულების სწორად შესრულება, ვინაიდან კარგ შედეგს იძლევა ადამიანის დროული გამოჯანმრთელების თვალსაზრისით”, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ავადმყოფმა ადამიანმა არ უნდა იაროს სამსახურში, არ უნდა გაუშვან დაავადებული ბავშვები სკოლაში, საბავშვო ბაღებში.

“მძიმე სიმპტომების, კერძოდ სამ დღეზე მეტი ცხელების, სუნთქვის მძიმე მდგომარეობის, ტუჩ-ცხვირის მიდამოებში გალურჯების, გულ-მკერდის არეში ტკივილის, ნახველში სისხლის მინარევების დროს, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. ექიმები განსაზღვრავენ, რა ტიპის მკურნალობას ექვემდებარება პაციენტი”, – განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ექიმთან მისვლამდე, პირველივე ეტაპზე აუცილებელია, ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება, სიცხის დამწევების და, ტკივილის შემთხვევაში, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების გამოყენება.