სპეციალისტები და ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ „იბეიზე“ გასაყიდად გატანილი ნახატი შესაძლოა, ლადო გუდიაშვილს არ ეკუთვნოდეს
სპეციალისტები და ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ „იბეიზე“ გასაყიდად გატანილი ნახატი შესაძლოა, ლადო გუდიაშვილს არ ეკუთვნოდეს

ლადო გუდიაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ნამუშევარი „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“, რომელიც ვებგვერდ „იბეიზე“ (ebay) იყიდება, არასოდეს უნახავთ.

როგორც მხატვრის ოჯახის წევრებმა პირველ არხს განუცხადეს, იმისთვის, რომ დადგინდეს, ორიგინალია თუ არა ნახატი, კომისიისა და სპეციალისტების დასკვნაა საჭირო, რომელშიც ლადო გუდიაშვილის ოჯახის წევრები არ ერევიან.

„იბეიზე“ გასაყიდად განთავსებულ ნამუშევართან დაკავშირებით პირველი არხი  ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძესაც ესაუბრა.

ნინო ხუნდაძე აცხადებს, რომ ლადო გუდიაშვილის აღნიშნული ნამუშევარი მისთვის ცნობილი არ არის.

„ერთი დათვალიერებით არის ფრაგმენტები და ფიგურები, რომელიც ჰგავს ლადო გუდიაშვილის ნამუშევარს, თუმცა არის ფრაგმენტებიც, რომელიც ეჭვს იწვევს.  ერთი შეხედვით ვერ ვიტყვი. ჰგავს მის ხელწერას, მაგრამ  სანამ არ ნახავ ორიგინალს, ფოტოსურათით რთული სათქმელია ეკუთვნის თუ არა ეს ნამუშევარი ლადო გუდიაშვილს“,- აცხადებს ხელოვნებათმცოდნე.

მისი თქმით, უნდა ჩატარდეს ტექნოლოგიური ანალიზი, კვლევა, რადგან სტილისტური დათვალიერება ასეთ დროს საკმარისი არ არის და დეტალების შესწავლა ორიგინალ ნამუშევარზე უნდა მოხდეს.

ამასთან, ხელოვნებათმცოდნე აცხადებს, რომ ისეთი დიდი ფერმწერის ნამუშევრისთვის, როგორც ლადო გუდიაშვილია, „იბეიზე“ განთავსებული ნამუშევრის ფასი დაბალია.

ინტერნეტგაყიდვების ვებგვერდ „იბეიზე“ (ebay) ლადო გუდიაშვილის ნახატი, სახელწოდებით „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ 120 000 აშშ დოლარად იყიდება. აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ნახატი ზეთშია შესრულებული. ასევე მითითებულია, რომ ნახატს დაზიანებები არ აღენიშნება და მხატვარი ნამუშევარს 1900-1949 წლებში ქმნიდა.