S&P Global - საქართველოს საბანკო რეგულირება ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს
S&P Global - საქართველოს საბანკო რეგულირება ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს

სარეიტინგო სააგენტო S&P-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამასთან, როგორც სებ-ი წერს, S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი – ‘BB’ დონეზე, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურზე“ შეინარჩუნა.

„როგორც კომპანიის ანგარიშშია აღნიშნული, გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგად საქართველოში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით პრუდენციულია, რამაც საბოლოოდ წვლილი შეიტანა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში.

S&P Global თავის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე. დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიული ნეტო შესყიდვების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ბოლო თვეებში გაიზარდა, რაც ძლიერი ტურისტული შემოსავლებითა და ფინანსური შემოდინებების შენარჩუნებითაა განპირობებული.

თავის მიმოხილვაში სარეიტინგო კომპანია საქართველოს საბანკო სექტორსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა კაპიტალიზაციის მაღალი დონითა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით კვლავ მომგებიანი რჩება“, – ნათქვამია სებ-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სააგენტოს პროგნოზით, საქართველოში ინფლაცია 2025 წელს, საშუალოდ, 3.7% იქნება.

„ჩვენი შეხედულებით, ძლიერი საზედამხედველო შესაძლებლობები, ძლიერი კორპორატიული მართველობა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს საქართველოს ეფექტიან საბანკო რეგულირებას, რომელიც ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“, – აღნიშნულია სარეიტინგო სააგენტოს, S&P Global Ratings-ის მიმოხილვაში.