სოზარ სუბარმა რატი ბრეგაძეს მიმართა - სააკაშვილი ჯანმრთელია დღეს, უკვე რევოლუციებს აანონსებს, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი
სოზარ სუბარმა რატი ბრეგაძეს მიმართა - სააკაშვილი ჯანმრთელია დღეს, უკვე რევოლუციებს აანონსებს, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი

სააკაშვილი ჯანმრთელია დღეს, უკვე რევოლუციებს აანონსებს. მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, დავაბრუნოთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი, – ასე მიმართა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში, სადაც დეპუტატები მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

სოზარ სუბარის თქმით, სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩივის.

„სასწაული უკვე მოხდა – კახექსია დაამარცხა იმ კაცმა, დემენცია, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი. გასტროენტეროლოგიური დაავადება თუ რამე არსებობს, მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე. ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს, პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს – რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას უჩივის, კარგად ვხედავთ მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.