სოზარ სუბარი - ზოგადად, მიჭირს თაკო ჩარკვიანის გაგება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა საერთოდ ვერ გავიგე სიტყვების მნიშვნელობა
სოზარ სუბარი - ზოგადად, მიჭირს თაკო ჩარკვიანის გაგება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა საერთოდ ვერ გავიგე სიტყვების მნიშვნელობა

თაკო ჩარკვიანის გაგება, ზოგადად, მიჭირს მაგრამ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საერთოდ ვერ გავიგე, რა იგულისხმება, ფობიებს დამართებენ, ჩემთვის გაუგებარი ტერმინია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით სოზარ სუბარი გამოეხმაურა „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომ „იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური და მორალური განადგურება, აპირებენ ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას“.

სუბარის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს ადამიანებს კარგად ეპყრობიან, პატიმრებს აქვთ კარგი კვება და მკურნალობა.

სოზარ სუბარის განმარტებით, ამ მხრივ გამონაკლისი არ არსებობს და ყყველას თანაბრად კარგად ეპყრობიან.

„თაკო ჩარკვიანის გაგება, ზოგადად, მიჭირს მაგრამ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საერთოდ ვერ გავიგე, რა იგულისხმება, სიტყვების მნიშვნელობა ვერ გავიგე, ფობიებს დამართებენ, ჩემთვის გაუგებარი ტერმინია, შეიძლება, არის ასეთი და მე არ ვიცი. რაც შეეხება ზოგადად, სასჯელაღსრულებაში მდგომარეობას, განსხვავდება სააკაშვილის ციხისგან და ეს თაკო ჩარკვიანმაც კარგად უნდა იცოდეს. აქ არ აწამებენ ადამიანებს, ადამიანებს ეპყრობიან კარგად, აქვთ კარგი კვება და კარგი მკურნალობა, როცა ეს სჭირდებათ. ამ მხრივ გამონაკლისი არ არსებობს და არც ყოფილი პრეზიდენტი არ არის პრივილეგირებული, ყველას თანაბრად კარგად ეპყრობიან, ეს არის განსხვავება.

რაც შეეხება რაღაც ზეწოლებს და ასე შემდეგ, ბუნებრივია, ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთება არ შეიძლება, ჩვენ კარგად დავინახეთ ზოგადად, დასავლეთის დამოკიდებულება. არ გამოჩენილა არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი, რომელიც იტყოდა, რომ ჯერ უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ქვეყნის ჩუმად დატოვება, შემდეგ საქართველოს საზღვარზე უკანონოდ შემოსვლა და აქ გაუგებარი მიზნებით ჩამოსვლა შეიძლება იყოს გამართლებული. მეორე, არავის შეაქვს ეჭვი იმ საქმეებში, რომლებზეც განაჩენი უკვე დამდგარია. რაც შეეხება მომავალ განსახილველ საქმეებს, რომელთაგან რამდენიმე სასამართლოშია, მათზე წინასწარ კომენტარს ვერავინ გააკეთებს. თუმცა, არ არსებობს ეჭვები იმაზე, რომ საქმე სწორად არის აღძრული და ფაქტები ნამდვილად არსებობდა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, თაკო ჩარკვიანის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

„რაც შეეხება სააკაშვილის მონახულებას, სააკაშვილი უკვე ინახულა უკრაინის კონსულმა, რადგან ეს ადამიანი არის უკრაინის მოქალაქე. მგონი, კონსული დარწმუნდებოდა, რომ ის აქ იმყოფება ძალიან ნორმალურ და კარგ პირობებში, ისეთ პირობებში, როგორიც არის დამახასიათებელი სააკაშვილის შემდგომ რეფორმირებული სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის. სხვა ვინ უნდა ინახულოს და რატომ უნდა ინახულოს, მართლა არ მესმის.

ზოგადად, ეს დღეები ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილს გარკვეული შეზღუდვები დაუწესეს, მაგალითად, სატელეფონო ზარებზე და ასე შემდეგ, მაგრამ კანონი არის ყველასთვის კანონი, სააკაშვილი გამონაკლისი ვერ იქნება, მითუმეტეს, მართალია, ორ საქმეზე არის მსჯავრდებული, მაგამ ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო და აქ გარკვეული შეზღუდვები ალბათ უნდა დაეწესებინათ. თუმცა, ვხედავთ, რომ დღე არ გავა, მასთან არ შევიდეს რამდენიმე ადამიანი, ადვოკატები, პარლამენტის წევრებიც და ა.შ.“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის შეფასებით, ძალიან მალე უკეთ დაინახავს სააკაშვილი, რომ ის მოატყუეს მისივე თანამებრძოლებმა, როდესაც აქეზებდნენ, საქართველოში ჩამოსულიყო.

„ლიკვიდაციის თემა არ არსებობს, ადამიანები თავიანთი ავადმყოფური ფანტაზიით იგონებენ რაღაცას და ავრცელებენ საჯაროდ. მგონი, ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს მიხეილ სააკაშვილს და მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას. მიხეილ სააკაშვილს სხვა რეალობა ეგონა ქვეყანაში. დარწმუნდა, რომ ჩამოვიდა ქვეყანაში, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურები მოქმედებენ ძალიან კარგად, აქვთ სრული ინფორმაცია.

სამდღიანი მცდელობები, რომ რაღაც მხარდამჭერი მიტინგი მოეწყოთ სააკაშვილთან, დამთავრდა იმით, რომ 500 კაცი შეიკრიბა, ეს იყო და ეს. იმათაც, ორი საათი ძლივს გაძლეს იქ, სად გაქცეულიყვნენ,  არ იცოდნენ. ძალიან მალე კიდევ უკეთ დაინახავს სააკაშვილი, რომ მოატყუეს მისივე თანამებრძოლებმა, როდესაც მას აქეზებდნენ, ჩამოდი საქართველოში და აქ რევოლუციას მოვაწყობთო.  ამის მუხტი და განწყობა რომ არ არის, თვითონაც დაინახა და მისმა მომხრეებმაც, თუ ვინმეს გულწრფელად ეგონა, რომ აქ მართლა რაღაცის გადატრიალებას მოახდენდნენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საფრთხეშია და სასწრაფოდ უნდა მოინახულონ საერთაშორისო მისიების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, უშიშროების სამსახურიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ „იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური და მორალური განადგურება“.