სოზარ სუბარი - ყველაზე დიდი გაბედულება ის არის, როცა შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ, რაც არ უნდა წამგებიანი იყოს ეს, საერთაშორისო საზოგადოების ან ქვეყნის შიგნით გარკვეული ნაწილის თვალში
სოზარ სუბარი - ყველაზე დიდი გაბედულება ის არის, როცა შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ, რაც არ უნდა წამგებიანი იყოს ეს, საერთაშორისო საზოგადოების ან ქვეყნის შიგნით გარკვეული ნაწილის თვალში

გაბედულებას რაც შეეხება, როცა შენს ზურგს უკან სამშობლო დგას, მაშინ სიფრთხილე და გონიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ ჩათვალა მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტმა, რომ უკრაინის საკითხზე ხელისუფლებას საკმარისად გაბედული პოზიცია არ ჰქონდა.

„ახლა ბევრი ტრაბახობს, მე ორი სამშობლო მაქვს და უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოაო. ამ შემთხვევაში ხატია დეკანოიძეს ვგულისხმობ, ან მიხეილ სააკაშვილს. იგივე მათი პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი, ნაყოფია მალავს, რომ ჯიბეში რუსული პასპორტი უდევს. ზოგს რომელიმე ევროპული ქვეყნის პასპორტი აქვს და ორი სამშობლო აქვს, ჩვენ კი ერთი სამშობლო გვაქვს და ამ სამშობლოს წინაშე ვართ პასუხისმგებელი. ყველაზე დიდი გაბედულება ის არის, როცა შენი ქვეყნის ინტერესებს იცავ, რაც არ უნდა წამგებიანი იყოს ეს, გნებავთ საერთაშორისო საზოგადოების და გნებავთ, ქვეყნის შიგნით საზოგადოების გარკვეული ნაწილის თვალში. გამბედაობა აი, ეს არის, თორემ გამბედაობას ვერავინ ასწავლის საქართველოსა და ქართველებს“, – განაცხადა სუბარმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, განიხილოს მმართველმა გუნდმა „ლელოს“ ინიციატივა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის მსგავსად, საქართველოს პარლამენტსაც მიმართოს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ეს საკითხი აინტერესებს და არც რომელიმე სხვა საკითხი.

„ძალიან საინტერესო იყო, „ლელომ“ რომ დააყენა ეს საკითხი. ხატია დეკანოიძე შემოვიდა და თქვა, ორი საათის წინ ვესაუბრე ზელენსკის ადმინისტრაციის ვიღაც წარმომადგენლებსო, მის ამ განცხადებამდე ერთი საათით ადრე კი „ლელომ“ გააჟღერა საკითხი და გამოჩნდა, როგორი ორკესტრირებული თამაშიც აქვთ. თუ უმრავლესობისგან პასუხის მოსმენა და ამ საკითხზე თანხმობა უნდოდათ, კი არ უნდა გაქცეულიყვნენ, როცა ეს საკითხები დააყენეს, არამედ უნდა დარჩენილიყვნენ დარბაზში და იქ ყოფილიყო მსჯელობა, მაგრამ აქედანაც ჩანს, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც ეს საკითხი და არც რომელიმე სხვა საკითხი. ერთადერთი, რაც უნდათ, ის არის, რომ ზიანი მიაყენონ ქვეყანას“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, სანამ ხატია დეკანოიძე ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს, კეთილი უნდა ინებოს და ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს იმ შეურაცხყოფისთვის, რაც მიაყენა, როცა მთელ საქართველოს ღალატში დასდო ბრალი.

„მან განაცხადა, რომ ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობს ქართველი ხალხი, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება. ამაზე მოიხადოს ბოდიში და მერე ვილაპარაკოთ სხვა რამეებზე. მსგავსი საკითხები ასე არ ხდება, თურმე, ხატია დეკანოიძემ დარეკა ვიღაცასთან, ეს საკითხი დააყენა და მერე დარბაზიდან გაიქცა. ასეთი საკითხები გადაწყდება, როცა ორივე ქვეყნის პირველი პირები ილაპარაკებენ და ასე მოხდება ეს შეთანხმება“, – განაცხადა სუბარმა.

როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუღებელია ისიც, რაც სალომე სამადაშვილმა თქვა, თითქოს, საქართველოს მიერ ევროკავშირში შეტანილი განაცხადი უკრაინელების სისხლზე დგას.

„საქართველოს არავისზე ნაკლები არ უომია. წელიწად-ნახევარი ვიბრძოდით ჩვენ სოხუმისთვის, აფხაზეთისთვის, დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. გუშინ 16 მარტი იყო, გუმისთაზე ბრძოლის დღე, როცა ქართველებმა მსოფლიოს აჩვენეს, როგორი გმირები ვართ, მაგრამ მაშინ, ეს ჩვენ გარდა ვერავინ გაიგო. მსოფლიოს აჩვენესთქო, რომ ვამბობ, ფიგურალური ნათქვამი გამოდის. იმიტომ, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, იცის მთელმა მსოფლიომ, თითოეული აფეთქებული ბომბის შესახებ იცის, ხოლო ის, რაც გუმისთაზე ხდებოდა, მაშინ ვერავინ გაიგო და მარტო ჩვენ ვიცით, გუმისთაზე კი იყო ბრძოლის ბრწყინვალე მაგალითი, როცა ქართველებმა აჩვენეს, რომ მათ მართლა შიშველი ხელებით შეუძლიათ რუსეთის კბილებამდე შეიარაღებულ, ავიაციით გამაგრებულ ძალებთან არა მხოლოდ ბრძოლა, არამედ მათი დამარცხება და უკუგდება. პირადად მე, იმ დღეს ორი საუკეთესო, უახლოესი მეგობარი დავკარგე. სხვათა შორის, მაშინ მეც იქ ვიყავი და ვიყავი ჩემი ქვეყნის ერთი რიგითი მებრძოლი“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ სირცხვილია, როცა გარკვეული ადამიანები საკუთარ ერს ამცირებენ და ამბობენ, რომ ქართველებმა ვერ ვიომეთ.

„ასეთი აზრი თავში რომ მოსდით, აქედანაც ჩანს, როგორ არ უყვართ საკუთარი სამშობლო. მაგალითად, 2008 წელი მოჰყავთ, 2008 წელს კი გმირობის უამრავი მაგალითი იყო. ქართველმა ბიჭებმა იომეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ვერ იომა და ვერ ივარგა. მათმა თავდაცვის მინისტრმა, კეზერაშვილმა ვერ იომა და არ იომა. იმიტომ, რომ არ უნდოდათ ბრძოლა. ხუთდღიანი ომი რომ ჰქონდათ, სინამდვილეში, სააკაშვილს 11-ში უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი დანებებაზე, ანუ, პრაქტიკულად, ორდღიანი, თუ სამდღიანი ომი გამოვიდა მარტო და მთელ მსოფლიოს ახსოვს სახეწაშლილი, შეშინებული და მხდალი ე.წ. მთავარსარდლის სახე, გორის ქუჩებში რომ ფორთხავდა და სტუმარი მიატოვა. მაშინ არ იომა ხელისუფლებამ, მაგრამ ქართველებმა იომეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.