სოზარ სუბარი - ყველანი ვუყურებთ ადამიანებს, რომლებსაც სამი თვეა, არ უნახავთ ოჯახის წევრები, არ ჩახუტებიან შვილებს, თავი აქვთ გადადებული ჩვენი სიცოცხლისთვის, დავუდგეთ მათ გვერდით
სოზარ სუბარი - ყველანი ვუყურებთ ადამიანებს, რომლებსაც სამი თვეა, არ უნახავთ ოჯახის წევრები, არ ჩახუტებიან შვილებს, თავი აქვთ გადადებული ჩვენი სიცოცხლისთვის, დავუდგეთ მათ გვერდით

ქართველი ექიმები, ქართველი ეპიდემიოლოგები სასწაულს აკეთებენ, მაგრამ ამ სასწაულს აქვს საზღვარი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ეს საზღვარი გადის დაავადებულთა სიმრავლეზე და მათ ფიზიკურ შესაძლებლობაზე.

„ყველანი ვუყურებთ ადამიანებს, რომლებსაც სამი თვეა, საკუთარი სახლის ზღურბლისთვის არ გადაუბიჯებიათ, სამი თვე არ უნახავთ ქმარი ან ცოლი, არ უნახავთ მშობლები, არ უნახავთ შვილები და არ ჩახუტებიან მათ, რადგან თავი აქვთ გადადებული ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დავუდგეთ გვერდით მათ, განცხადებებითაც, საქმითაც, აი, ეს იქნება ყველაზე კარგი“, – აღნიშნა სუბარმა.

ხოლო, ​ექიმებისადმი მეუფე იაკობის გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმული კითხვის პასუხად, მან აღნიშნა: „როგორც ისინი არ აყენებენ ეჭვქვეშ, ვთქვათ, რაღაც საღვთო საიდუმლოებებს, ისე ნურც ნურავინ დააყენებს ეჭვქვეშ ექიმების ნურც კომპეტენციას, ნურც თავდადებას. დავუდგეთ გვერდით, დავუჯეროთ, დავრჩეთ სახლში. აი, ეს არის ყველაზე დიდი წამალი, ყველაზე დიდი სათნოება, ყველაზე დიდი ღვთის მსახურება, რაც შეიძლება, დღეს გავაკეთოთ. ხოლო წირვა, რომელსაც აღასრულებენ მღვდელმთავრები, რომლესაც აღასრულებენ სასულიერო პირები, ბერები, მღვდლები, თანაბრად გავრცელდება მისი მადლი მთელს დედამიწაზე, თითოეულ ჩვენგანზე, მიუხედავად იმისა, სად ვიქნებით. ეს არის ჩემი მრწამსი და ამას ამბობს ძალიან ბევრი სასულიერო პირი, არა მხოლოდ მე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, მეუფე იაკობის კიდევ ერთი განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც ხელისუფლება მრევლს უკრძალავს აღდგომის ლიტურგიაზე მისვლას და საჯარო სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის დაკარგვით ემუქრება, სუბარმა აღნიშნა: „ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ არ წავიდეს არავინ, დარჩეს ყველა სახლში. მოვუწოდებთ, ვთხოვთ, ეს არის ჩვენი პოზიცია. საჯარო მოსამსახურესაც, ბიზნესმენსაც, უმუშევარსაც, მშრომელსაც, ყველას, ნებისმიერ ადამიანს, ეს არის ჩვენი პოზიცია. სხვა მე, სხვის სიტყვებზე კომენტირებას არ ვაპირებ, არც მეუფისას და არც სხვა ვინმესი. მსგავსი რამ არ ყოფილა და არც იქნება ჩვენი მხრიდან“.

ამასთან ერთად, სოზარ სუბარმა ისაუბრა საკითხზე, თუ რამდენად ახლოს ვართ ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადებასთან. მისი თქმით, ეს რთული სათქმელია.

„ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. როდესაც დაიწყო კარანტინების გამოცხადება, როდესაც დაიწყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ჩინეთს მიღმა, უკვე მთელ ევროპაში, ყველა ფიქრობდა რომ ეს იქნებოდა ორკვირიანი, სამკვირიანი. არავინ ფიქრობდა, რომ ეს ვითარება გასცდებოდა ერთ თვეს. დაახლოებით ასე ვიყავით ჩვენც, უბრალოდ ჩვენ სხვებს დავასწარით გარკვეული ღონისძიებების ჩატარება, მაგრამ მოგვიწია ამ ღონისძიებების გატარება გაცილებით უფრო ხანგრძლივი დროით, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. ჩვენ რომ მაქსიმალურად მკაცრი ღონისძიებები მიგვეღო თავიდანვე, ახლა ჩვენ უბრალოდ დაცლილი ვიქნებოდით, ძალ-ღონე გამოლეული ვიქნებოდით და ვეღარ ვიქნებოდით იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა ვართ. ამიტომ, ამ მხრივ ეპიდემიოლოგებისა და მთავრობის შრომა იყო ძალიან ნაყოფიერი. ერთობლივი შრომა იმიტომ, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავთვალეთ ის ეტაპები, რომლებიც უნდა გადაგვედგა და რომლებიც ერთმანეთს უნდა მიჰყოლოდა. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ჩვენ ასე ვივლით და როდესაც გამკაცრება გახდება საჭირო, გამკაცრებაც მოჰყვება, რაც შესაძლებელია.

თუმცა, აქვე უნდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღეა, ჩვენ დეტალურ გეგმაზე ვმუშაობთ, როგორ უნდა დაიწყოს გამოსვლა ამ საგანგებო მდგომარეობიდან და რომელი ნაბიჯები უნდა იყოს ერთმანეთის მიყოლებით რომ ეს საგანგებო მდგომარეობა გადავლახოთ, ეკონომიკა ავამოქმედოთ, ხალხი დაუბრუნეს ნორმალურ ცხოვრებას და დავუბრუნდეთ იმ საწყის წერტილს, რომელშიც ჩვენი ეკონომიკა იყო სულ რაღაც ორი თვის წინ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.