სოზარ სუბარი - ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ მკაფიოდ ვამბობთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემოღებულ სანქციებს არ ვუერთდებით
სოზარ სუბარი - ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ მკაფიოდ ვამბობთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემოღებულ სანქციებს არ ვუერთდებით

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ მკაფიოდ ვამბობთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემოღებულ სანქციებს არ ვუერთდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„სხვათა შორის, ზუსტად იგივე განცხადება გააკეთა მოლდოვამ, რომელიც ჩვენს დღეში არ არის და გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. იმიტომ, რომ მისი ტერიტორიის რაღაც ნაწილი კი არის ოკუპირებული, მაგრამ რუსეთის მიერ მათი აღიარება არ მომხდარა და იქ იმდენი სამხედრო ბაზა არ დგას, რამდენიც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იგივე გააკეთა თურქეთმაც და სხვა არაერთმა ქვეყანამ. თუმცა, ჩვენ შეერთებული ვართ იმ სანქციებს, რომლებიც არის 2014 წელს ყირიმთან დაკავშირებით და უბრალოდ, ავტომატურად ვუერთდებით ზოგიერთ სანქციას, რადგან ეს ჩვენზეც კი არ არის ხოლმე დამოკიდებული. მაგალითად, იგივე საბანკო შეზღუდვები და ა.შ“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, მთლიანობაში, საქართველო რუსეთის მიმართ შემოღებულ სანქციებს ორი მიზეზით არ უერთდება.

„პირველი, ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია – რუსეთთან ჩვენ ურთიერთობებში ეს სანქციები იმ ხასიათის არის, რომ ის არანაირად არ აზიანებს რუსეთს, აზიანებს მხოლოდ საქართველოს. რომ გადავიტანოთ და ამ თემის ინტერპოლაცია მოვახდინოთ იგივე დასავლეთ ევროპაზე, ან თუნდაც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, უცებ აღმოვაჩენთ, რომ ისინი არ შეუერთდნენ სანქციებს იქ, სადაც შეიძლება, მათ ყველაზე მეტი ზიანი მიეღოთ, იგივე გაზისა და ნავთობის აკრძალვის საკითხებს. მაშინ, როდესაც სწორედ ამ თემებით ვაჭრობა არის ის, რაც დღეს რუსეთს ყველაზე მეტად აძლიერებს. თვით უკრაინის ტერიტორიაზეც კი, ამ წუთებში, ყოველდღიურად 110 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადის, ანუ 40 მილიარდი კუბური მეტრი წლის განმავლობაში და არც უკრაინას და არც დასავლეთ ევროპას არც ერთი წუთით არ უფიქრიათ, ეს გზა ჩაეკეტათ. მეორე მიზეზი, ეს არის საფრთხე, რომელიც უშუალოდ ემუქრება საქართველოს და ეს არ არის ეკონომიკური საფრთხე, ეკონომიკური პრობლემები და გაჭირვება, რომელიც შეიძლება, ქართველმა მომხმარებელმა განიცადოს, რაც ასევე მტკივნეულია, რადგან გვახსოვს, ერთი კვირის წინ ხმა რომ დაირხა, შეიძლება, შაქარზე რაღაც დეფიციტი შეიქმნასო, ჩვენ სავაჭრო ქსელებში როგორი რიგები იყო. სინამდვილეში, საფრთხე, რომელიც გვემუქრება, არის გაცილებით ეგზისტენციური და სერიოზული – თბილისიდან 30 კილომეტრში დგას ყველაზე უახლოესი რუსული ბაზა და ეს ის მანძილია, საიდანაც არა ძლიერი რეაქტიული დანადგარებით, არამედ ჩვეულებრივი არტილერიითაც კი შეიძლება მოგვწვდეს რუსეთი. ორივე ოკუპირებულ ტერიტორიას ჰყავს არაღიარებული დე ფაქტო მმართველები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როგორმე, კონფლიქტის ახალი კერა გაჩაღდეს საქართველოს ტერიტორიაზე. იმიტომ, რომ ამით თავის არსებობას კიდევ უფრო საჭიროს გახდიან მათი დე ფაქტო მმართველის, რუსეთის მიმართ და ფიქრობენ, ამით რაღაცას თვითონაც მოიგებენ. აკი, გამოაცხადეს კიდეც საბრძოლო მზადყოფნა და კარგად ვიცით, რომ ეს საბრძოლო მზადყოფნა გულისხმობს რუსული საბრძოლო ძალების მზადყოფნას და არა მათი შეირაღებული ძალების მზადყოფნას“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ბევრი გააკეთა.

„რამდენიმეს ჩამოვთვლი – 38 ქვეყანასთან ერთად, ჩვენ ვართ ერთ-ერთი თანაავტორი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საჩივრის შეტანის. ჩვენ ვართ ამ საჩივრის ერთ-ერთი თანაავტორი, ისევე, როგორც ვიყავით ერთ-ერთი თანასპონსორი და ინიციატორი იმ ძალიან მკაცრი და ობიექტური რეზოლუციისა, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო. ჩვენ ასევე ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერი რუსეთისთვის ევროსაბჭოში ჯერ ხმის შეჩერების, შემდეგ კი გარიცხვის. ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენი რეგიონის, პრაქტიკულად, არც ერთი ქვეყანა არ იღებს ამ ყველაფერში მონაწილეობას და აქ საქართველოა გამორჩეული. ისევე, როგორც ძალიან ბევრს ვაკეთებთ ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, აქ პირადი კავშირებიც ბევრია და სახელმწიფოებრივ დონეზე კავშირებიც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.