სოზარ სუბარი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს ჩათრეული ომში, ეს არის წკიპზე, ყოველ წუთს შეიძლება, გაუთვლელმა ნაბიჯმა კატასტროფის წინაშე დაგვაყენოს
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველო უკრაინის მიმართ მხარდასაჭერად მაქსიმუმს აკეთებს.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს ჩათრეული ომში.
„უკრაინის მიმართ საქართველოს თანადგომა გამოხატულია ყველა იმ საერთაშორისო მხარდაჭერაში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ევროკავშირის, ევროსაბჭოში, გაერო-სა და ეუთო-ს დონეზე. საქართველო ყველგან მკაცრ პოზიციებზეა. მეორე მხრივ, ჰუმანიტარული დახმარების გაწევა ხდება როგორც საქართველოში მყოფი უკრაინელების, ასევე უკრაინის სახელმწიფოს მიმართ და მზად ვართ, მივიღოთ ის ლტოლვილები, რომლებიც საქართველოში გადაწყვეტენ ჩამოსვლას. ამ მიმართულებითაც მაქსიმუმს გავაკეთებთ.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს ჩათრეული ომში. ეს არის წკიპზე, ყოველ წუთს შეიძლება, გაუთვლელმა ნაბიჯმა კატასტროფის წინაშე დაგვაყენოს ჩვენც, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო. ბორის ჯონსონის განცხადება ვნახეთ, რომ ისინი არ ელოდებოდნენ რუსეთის ხელისუფლებისგან იმას, თუ ბირთვულ მუქარაზე გადავიდოდნენ. რასაც არ ელოდა საერთაშორისო სამყარო, ჩვენ ველოდით, როგორც ოკუპირებული ქვეყანა. ჩვენი ტერიტორიის 22 პროცენტი არის ოკუპირებული და საზღვრის გადმოკვეთაც კი არ სჭირდებათ, საქართველოს საზღვრებში არის რამდენიმე რუსული სამხედრო ბაზა. უმძიმესი და ურთულესი პერიოდია. მსოფლიო დგას ახალი რეალობის წინაშე და ხვალ, ზეგ შეიძლება, გავიღვიძოთ სამყაროში, სადაც ახალი ვითარება იქნება მთელ მსოფლიოში და ასეთ აგრესიებს ადგილი ვეღარ ექნება. ჩვენ უნდა გავძლოთ მანამდე, რომ როგორმე ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. ეს არის პრემიერ-მინისტრის ნომერ პირველი ვალდებულება და მისი ამოცანა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთან, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა პარლამენტში საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის მისვლას.
ასევე, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანაა, რამენაირად, პროვოკაცია მოაწყონ, რის საშუალებასაც მათ არ მისცემენ.
„პარლამენტში იგორ დოლგოვის მოსვლას პირადად მე მხარს დავუჭერდი, როგორც უკრაინის ელჩისა და პირადი მეგობრის, რომელსაც ბევრი წელია, ვიცნობ. ბიუროს სხდომაზე კარგად გამოჩნდა, ოპოზიციას რა უნდა. ამ საკითხებზე იმ ადამიანებთან ერთად არ უნდა იმსჯელო, ვინც ხელი მოაწერა კაპიტულანტურ რეზოლუციას ევროსაბჭოში, რითაც საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს. ოპოზიციის ამოცანაა, რამენაირად, პროვოკაცია მოაწყონ და ამის საშუალებას არ მივცემთ. რაც შეეხება რუსულ პროპაგანდისტულ არხებს, მთავარი პროპაგანდისტული არხები რამდენიმე დღეა, გათიშულია, თუმცა პირადად ძალიან მაინტერესებს, გავიგო, რას ფიქრობს მოსკოვი, რადგან იქ ყველაზე კარგად ჩანს, რა არის მათი პოზიცია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.