სოზარ სუბარი - ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს პლებისციტის მიუღებლობაზე საუბრობს
სოზარ სუბარი - ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს პლებისციტის მიუღებლობაზე საუბრობს

მმართველი გუნდის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და რამდენიმე ოპოზიციური პარტიისთვის მოლაპარაკებები იყო საბაბი, სინამდვილეში, ყველა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაშიც არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას.

ამასთან, სუბარი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები საკუთარ მოთხოვნებში ვერ ჩამოყალიბდნენ.

„მოლაპარაკებების პროცესი პირველი წუთიდანვე მთლიანად ოპოზიციაზეა დამოკიდებული. თვითონაც ვერ ყალიბდებიან, ბოლო ბოლო რა არის მათი მოთხოვნა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა გათქვა შიდა საიდუმლო, რომ მათ მოლაპარაკებები არ უნდოდათ. საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და რამდენიმე დიდ პარტიაზე. მათთვის მოლაპარაკებები იყო საბაბი, სინამდვილეში, ყველა მოთხოვნაც რომ შესრულებულიყო, მაინც არ აპირებდნენ შემოსვლას.

დღესაც ზუსტად იგივე მდგომარეობაში არიან. ერთი პარტია იტყვის, რომ პლებისციტი მათთვის აბსოლუტურად მისაღებია, შემდეგ გამოვა მიშა სააკაშვილი და იტყვის, რომ ამას ვინც ამბობს, ის არის მოღალატე, რომ ეს არის „ქართული ოცნების“, თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული აზრი. ჯერ ჩამოყალიბდნენ, რას ითხოვენ, რა უნდათ“, – აღნიშნა სუბარმა.

სუბარის განმარტებით, ოპოზიციური პარტიები თუ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ, მაშინ მათ საგამოძიებო კომისიაშიც უნდა მიიღონ მონაწილეობა.

„თუ ლაპარაკობენ არჩევნების გაყალბებაზე, ამაზე უკეთესი შეთავაზება, ვიდრე არის საგამოძიებო კომისია, უბრალოდ არ არსებობს. ამის შემდეგ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ნიკა მელიას დაკავებამდე ზუსტად იგივე მდგომარეობაში იყო მოლაპარაკებები, რა მდგომარეობაშიცაა მელიას დაკავების შემდეგ. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი გამოშვება არის პირადად მელიას ან ამ ოპოზიციური ადამიანების ხელში. რაც ილოჩოვას და მელაშვილთან დაკავშირებით გააკეთეს, შეუძლიათ, იმ გზით წავიდნენ, ნებისმიერი გზით, ეს არის უმარტივესი თემა, მაგრამ ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, არის ზუსტად ის ადამიანი, ვინც დღეს ამ პლებისციტის მიუღებლობაზე ლაპარაკობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა სუბარმა.

თავად სოზარ სუბარი პლებისციტის ჩატარებაში აზრს ვერ ხედავს.

„მე პირადად, პლებისციტის რაიმე აზრს ვერ ვხედავ. თუ ვინმეს პლებისციტი აინტერესებს, აგერ, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება, ვის აქვს ხალხის მხარდაჭერა, ეს არის ერთგვარი პლებისციტი. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რა არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი, თუმცა, როცა ვამბობთ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავსხდეთ, აღარ გავიმეორებ ეს მიუღებელია, ეს მიუღებელი. ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, სად არის მათი შეთანხმებული პოზიცია და შემდეგ დავსხდეთ.

ასე არ შეიძლება, გამოვიდეს ერთი პარტია და ამბობდეს, რომ მას უნდა პლებისციტი, შემდეგ გამოვიდეს სააკაშვილი და დამოძღვროს ყველანი, რომ ვინც ამას ამბობს, არის მოღალატე და თამაშობენ ბიძინა ივანიშვილის თამაშსო. შემდეგ გამოვიდეს სხვა პარტია და თქვას, პლებისციტის როლი მივანიჭოთ თვითმმართველობის არჩევნებს, მერე გამოვიდნენ სხვა ლიდერები და თქვან, რომ ეს ადამიანები თამაშობენ „ქართული ოცნების“ თამაშს. ასე ვერ გამოვა, ჩამოყალიბდნენ, ერთიანი პოზიცია წარმოადგინონ და შემდეგ შესაძლებელია დაჯდომა და საუბარი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გარდა ამისა, სოზარ სუბარის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილმა, მისმა მხარდამჭერებმა შეიცვალეს პოზიცია და გადაწყვიტეს, მოუსმინონ პარტნიორებს, მეგობრების უპირველესი მოწოდებაა, გამოიყენონ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი.

„ევროპასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება კარგად გვახსოვს. უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით ის ამბობდა, ევროკავშირს აქვს ზუსტად იგივე მიზნები, რაც რუსეთს, ის არის ჩვეულებრივი უკუპანტი, მხოლოდ თავის მიზნებზე ფიქრობს და სხვა არაფერზეო. ზუსტად იგივეს ამბობდნენ მიხეილ სააკაშვილის ტელევიზიებიც, მისი ექსპერტები, თუ მისი მხარდამჭერებიც, როდესაც ელჩების განცხადებები არ მოსწონდათ და არ მოსწონდათ ოპოზიციის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მიწოდებები, რომ პარლამენტში შესულიყვნენ. თუ მათ შეცვალეს პოზიცია და დღეს გადაწყვიტეს, მოუსმინონ ჩვენს მეგობრებს, მათი უპირველესი მოწოდებაა, დასხდნენ დიალოგის მაგიდასთან, შევიდნენ პარლმენტში და გამოიყენონ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, ჩემი მოწოდებაც ეს იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.