სოზარ სუბარი - ვინმე თუ იტყოდა, რომ გარეჯი საქართველო არ არის და ბევრნი იქნებოდნენ ადამიანები, რომლებსაც ეს გაუხარდებოდათ,  ვერც წარმომედგინა
სოზარ სუბარი - ვინმე თუ იტყოდა, რომ გარეჯი საქართველო არ არის და ბევრნი იქნებოდნენ ადამიანები, რომლებსაც ეს გაუხარდებოდათ, ვერც წარმომედგინა

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განმარტა, რომ ის, რაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ საღამოს მოისმინა, იყო წარმოუდგენელი.

„ორი ადამიანის გათავისუფლება, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ბრალი მოეხსნათ. სასამართლო გრძელდება, მათი ბრალეულობა, როგორც პროკურატურა ამბობს, არის დადასტურებული. ბოლო დღეების განმავლობაში გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო მასალები, საიდანაც ნათლად გამოჩნდა ის, რაზეც ჩვენ ისედაც ვვარაუდობდით და ვიცოდით, რომ ამ ორი ადამიანის დონეზე არ წყდებოდა, არსებობდნენ გაცილებით სერიოზული ადამიანები, ვისაც დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში და რომლებიც, სავარაუდოდ, დამკვეთები არიან. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, ბოლო წუთამდე მაინც მეგონა, რომ თუნდაც ეს ადამიანები, რომლებიც შედარებით დაბალი თანამდებობის პირები იყვნენ ამ იერარქიაში, იქნებოდნენ, მართალია, დამნაშავეები, დანაშაულის თანამონაწილეები, მაგრამ მაინც სხვისი ბრძანებების შემსრულებლები. წუხელ რაც მოვისმინე ბატონი იმერი მელაშვილისგან, მან მკაფიოდ დაადასტურა, რომ ის შეგნებით მონაწილეობდა ამ დანაშაულში. ეს ყველაზე მკაფიოდ წუხელ ორმა ადამიანმა თქვა, ივერი მელაშვილმა, კაკო ბობოხიძემ და მთელი დარბაზი ჩემდა გასაოცრად ტაშს უკრავდა. პირადად მე, მართლა გაოგნებული ვიყავი. უბრალოდ, ვიცოდი, რომ ორი საქართველო არსებობდა: სააკაშვილის საქართველო და რეალური საქართველო, რომელთაც კვეთა არ აქვთ, მაგრამ თუ ასე ბევრნი იყვნენ ადამიანები, რომელთაც უხარიათ, რომ თურმე გარეჯი საქართველო არ არის და ამას ვიღაც იტყოდა, ვერც წარმომედგინა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალი განმარტა.

„ივერი მელაშვილმა დღეს თვითონ მოაყოლა აბსოლუტურად არასწორი განმარტებები. ნამდვილად, დავით გარეჯი არის ძალიან დიდი სამონასტრო კომპლექსი, სულ 14 კომპლექსისგან შედგება, საიდანაც საბჭოთა პერიოდშიც ვიცოდით და საბჭოთა კავშირის დანგრევის, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, რომ ერთ-ერთი მონასტერი, ერთუბანი იყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, დანარჩენი ორი მონასტერი, რომელზეც ახლა მიმდინარეობს ლაპარაკი – ჩიჩხითური და უდაბნო იყო საქართველოს ტერიტორიაზე. დამოუკიდებლობამდეც და დამოუკიდებლობის შემდეგაც, 2006 წლამდე ქართველი მოსაზღვრეები იდგნენ იმ სიღრმეში, რომლის აქეთაც, ჩვენკენ იყო ეს ორი მონასტერი. 2006 წელს მოხდა ამ კონფიგურაციის შეცვლა და დღეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან ისე, რომ პრაქტიკულად, ეს ორი მონასტერი იმყოფება ჯერ არაღიარებული საზღვრის მიღმა. რაც გუშინ ივერი მელაშვილმა და კაკო ბობოხიძემ თქვეს, ნიშნავს, რომ თითქოს ეს ორი მონასტერიც საბჭოთა პერიოდშიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო და დღესაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ამ ფონზე, სრულიად გაუგებარია მისი ნათქვამი, რომ თითქოს, ამ რუკების მოპოვებით ჩვენ ხელს ვუშლით საქართველოს ინტერესებს. თუ კაკო ბობოხიძე და იმ დარბაზში მყოფი ოპოზიცია წინასწარ აღიარებს, რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა და სადავო არაფერი არ არის, მაშინ საკამათოც არაფერი ყოფილა. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ასე არ არის და ის 200 000-იანი რუკები, რომლებიც მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში იქნა მოპოვებული, ამ ჩვენს ისტორიულ სიმართლეს, რაც ისედაც ვიცოდით, მხოლოდ განამტკიცებს. იმ 500 000-იანი მასშტაბის რუკებით, რომლითაც მანამდე კომისია ხელმძღვანელობდა, ამის დამტკიცება ვერ ხერხდებოდა, რადგან იქ ასე დეტალურად საზღვრის გავლება არის ძალიან ძნელი“, – განმარტა სოზარ სუბარმა.