სოზარ სუბარი - ვფიქრობთ, ქობულეთში დაავადება ერთ კონკრეტულ სოფელს არ უნდა იყოს გაცდენილი
სოზარ სუბარი - ვფიქრობთ, ქობულეთში დაავადება ერთ კონკრეტულ სოფელს არ უნდა იყოს გაცდენილი

ვფიქრობთ, ქობულეთში დაავადება ერთ კონკრეტულ სოფელს არ უნდა იყოს გაცდენილი, – განაცხადა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„აქ საუბარია ერთ კონკრეტულ სოფელზე, სადაც ფართო მასშტაბის კვლევა მიმდინარეობს. ვფიქრობთ, დაავადება ამ სოფელს არ უნდა იყოს გაცდენილი. სოფელში უკვე დაწყებულია კვლევა და შემოწმება ხვალ მთლიანად დამთავრდება. უფრო ფართო ზომების მიღება საჭირო იქნება თუ არა, ეს უახლოეს ორ დღეში გამოჩნდება. თუმცა, ჯერ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად არის ცნობილი იმ პირთა წრე, სადაც შეიძლებოდა, ვირუსი გავრცელებულიყო“, – განაცხადა სუბარმა.

ამ განცხადებით სოზარ სუბარმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა მდგომარეობაა ქობულეთში, სადაც დღეს ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რა ეტაპზეა ეპიდკვლევა და რამდენად რთულია ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ ჯერ გავრცელების არეალი სამეგრელოშიც უფრო ნაკლებია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

„პირველადი კონტაქტი მხოლოდ რამდენიმე ათეული კაცი იყო, ხოლო კონტაქტის კონტაქტები ბუნებრივია, ასეულებზე გადიოდა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა პიროვნება დადგენილია. შეიძლება, ერთი-ორი გამონაკლისი იყოს. ასეთ დროს შეუძლებელია, არ ივარაუდო, რომ გამონაკლისი არსებობს, მაგრამ ძირითადად, ყველა დადგენილია. მიდის თითოეული პირის ძალიან დეტალური შესწავლა“, – განაცხადა სუბარმა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, იგივეს თქმა შეიძლება შიდა ქართლზე, გორისა და ქარელის რაიონებში.

„ჯერ მაინც არ ვართ იმ საფრთხესთან მიახლოებული, რომლის შიშიც დაახლოებით, აპრილის დასაწყისისთვის გვქონდა, მაგრამ მიახლოებული რომ არ ვართ, ეს სწორედ ხელისუფლების, ექიმებისა და ექსპერტების მიერ ერთობლივად გატარებული დროული, ძალიან ზუსტი და მიზანმიმართული ღონისძიებების შედეგია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.