სოზარ სუბარი - ვერც გალერი და ვერც სხვა ევროპარლამენტარი ვერ გაბედავს თავისი ქვეყნის სასამართლოს მსგავსი დამამცირებელი წინადადებით მიმართოს, ჩვენ ნუ შეგვხედავენ როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას
სოზარ სუბარი - ვერც გალერი და ვერც სხვა ევროპარლამენტარი ვერ გაბედავს თავისი ქვეყნის სასამართლოს მსგავსი დამამცირებელი წინადადებით მიმართოს, ჩვენ ნუ შეგვხედავენ როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას

ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი და მისი წევრი ვერ გახდება ქვეყანა, რომლის სასამართლო ნებისმიერი ევროპარლამენტარის განცხადების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას და არა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობის მიხედვით, –  განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებაზე საუბრისას.

საუბარია ევროპარლამენტარის იმ განცხადებაზე, სადაც გალერი ამბობს: „ჩვენ ვიმედოვნებთ, სააპელაციო სასამართლო გამოიყენებს შესაძლებლობას და მომავალი კვირის სამშაბათს გაამართლებს გვარამიას, რათა გამოსწორდეს წარსულის შეცდომები და აღდგეს თავისუფალი მედიის ძლიერი ხმა“.

„როდესაც საუბრობენ კლანზე, კლანი არის სწორედ ის, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს არა მოსამართლე, თავისი სინდისის, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების მიხედვით, არამედ გადაწყვეტილება მიიღება სხვა კაბინეტში და შემდეგ ხდება კარნახი მოსამართლისთვის, რომელიც უბრალოდ, წერს ამ გადაწყვეტილებას, როგორც ეს ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში – გადაწყვეტილებას იღებდა მიხეილ სააკაშვილი და შემდეგ აფორმებდა ზურაბ ადეიშვილი. მოსამართლეს შემდეგ ქაღალდზე გადაჰქონდა და გამოაცხადებდა ამ გადაწყვეტილებას. მსგავსი რამ დემოკრატიულ ქვეყანაში დაუშვებელია. საქართველო ადგას დემოკრატიის, ევროპის გზას და ეს ვერ და არ მოხდება“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, მაიკლ გალერის განცხადება გაუგონარი და ცინიკურია.

„აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, გაუგონარი და ცინიკურია განცხადება, რომელიც ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა გააკეთა. მან გადაწყვიტა პირდაპირ ჩაერიოს საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში და მოუწოდა სააპელაციო სასამართლოს, გააუქმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც თურმე, მოსწონს ბატონ მაიკლ გალერს. ეს არის დაუშვებელი. მსგავსი ჩარევა სასამართლო სისტემაში წარმოუდგენელია და ეს გალერი თუ ჩვენ გვიყურებს კოლონიასა და მეორეხარისხოვან ქვეყანას, მაშინ, ბოდიში უნდა მოიხადოს. ამ სიტყვებს იმიტომ ვამბობ, რომ ვერც ეს ადამიანი და ვერც რომელიმე სხვა ევროპარლამენტარი ვერ გაბედავს თავისი ქვეყნის სასამართლოს მსგავსი დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი წინადადებით მიმართოს. ნუ შეგვხედავენ ჩვენ, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის წევრები და მისი წევრი ვერ გახდება ქვეყანა, რომლის სასამართლო ნებისმიერი ევროპარლამენტარის განცხადების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას და არა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობის მიხედვით“, – განაცხადა სოზარმა.