სოზარ სუბარი - ვენეციის კომისიის საიტზე დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონი ჯერ კიდევ დევს, დეგნანის განცხადება თუ არის მითითება, კანონპროექტი სასწრაფოდ გაიწვიონ და კომისია მას ემორჩილება, არ ვიცი
სოზარ სუბარი - ვენეციის კომისიის საიტზე დეოლიგარქიზაციის უკრაინული კანონი ჯერ კიდევ დევს, დეგნანის განცხადება თუ არის მითითება, კანონპროექტი სასწრაფოდ გაიწვიონ და კომისია მას ემორჩილება, არ ვიცი

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელის, სოზარ სუბარის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის საკუთარი ვერსია წარმოადგინა, რომელიც, პრაქტიკულად, ოლიგარქების დაცვის შესახებ კანონია.

„ძალიან იწვალეს, მაგრამ ვეღარაფერს მიაღწიეს, პრაქტიკულად, ოლიგარქების დაცვის შესახებ კანონი გამოუვიდათ. სურდათ ისეთი კანონპროექტის დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილზე მოერგოთ, მაგრამ ესეც ვერ შეძლეს, რადგან ყოველგვარი სამართლებრივი ლოგიკის წინააღმდეგ წასვლა შეუძლებელია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებას, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი უკან გამოიწვია, სუბარის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ვერსად მოიძიეს.

„დღეს მოვისმინეთ კელი დეგნანის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ უკრაინამ საკუთარი კანონი ვენეციის კომისიიდან გაიწვია, თუმცა კომისია ჯერ კიდევ გაზაფხულზე ამბობდა, რომ მას დასკვნა მზად ჰქონდა. ჯერ ერთი, გაუგებარია, ამ დასკვნის უკრაინაში გაგზავნას ამდენი ხანი რატომ დასჭირდა. მეორეც, ვცადეთ კელი დეგნანის ინფორმაციის გადამოწმება. ჯერ აღნიშნული ინფორმაცია ვერსად მოვიძიეთ – ვერც უკრაინელებისგან, ვერც ვენეციის კომისიისგან. ვენეციის კომისიის საიტზე ჯერ კიდევ დევს, თითქოს დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი იქ არის და არავის გაუწვევია. კელი დეგნანის განცხადება თუ არის ერთგვარი მითითება, რომ კანონპროექტი სასწრაფოდ გაიწვიონ და ვენეციის კომისია კელი დეგნანს ემორჩილება, ეს არ ვიცი. უკრაინულ კანონს აქვს ძალიან მაღალი და დადებითი შეფასება ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან და გაუგებარია, რაც არის კარგი უკრაინისთვის, რატომ არ უნდა იყოს კარგი საქართველოსთვის. თუ უკრაინის კანონს არ სჭირდება ვენეციის კომისიის დასკვნა, ე.ი. ის არ სჭირდება საქართველოს კანონსაც, თუ უკრაინის კანონს სჭირდება ვენეციის კომისიის დასკვნა, ეს დასკვნა ავტომატურად გავრცელდება საქართველოს კანონზეც“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, უკრაინამ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი უკან გამოიწვია და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება. კერძოდ, კითხვაზე, დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა გადაიგზავნოს თუ არა ვენეციის კომისიაში, ვინაიდან ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ეს საქართველოსგან, ელჩმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანი რჩევაა, განსაკუთრებით, როდესაც ის მოდის ევროდელეგაციისგან, ევროპის წარმომადგენლებისგან საქართველოში, რადგანაც ეს ის ინსტიტუტებია, ვისთანაც თანამშრომლობს საქართველო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა მათი მხრიდან“.

მისივე თქმით, იგივე კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, უკან გამოიწვიეს, თუმცა, რადგან „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი არის საკმაოდ კომპლექსური, მნიშვნელოვანია, ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ გააკეთონ დასკვნები.