სოზარ სუბარი – უბრალოდ უფანჯრო ოთახი კი არა, არამედ სარდაფი, ნესტით სავსე ოთახი იყო და იქ გაატარა სულხან მოლაშვილმა რამდენიმე თვე, ადამიანმა, რომელიც იყო ნაწამები

13:15, 16.04.2025

უბრალოდ უფანჯრო ოთახი კი არა, არამედ სარდაფი, ნესტით სავსე ოთახი იყო, სადაც ჰაერიც არ იყო და იქ გაატარა სულხან მოლაშვილმა რამდენიმე თვე. ადამიანმა, რომელიც იყო ნაწამები, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, სულხან მოლაშვილი მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს, გადაეყვანათ საავადმყოფოში.

„მათიას იორში იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ის იყო ჩამოსული საქართველოში. სწორედ ნანა კაკაბაძის დაჟინებული მოთხოვნით შევიდა ელენე თევდორაძესთან ერთად და შემდეგ გვახსოვს მისი ემოციები, ჰყვებოდა იმ უსასტიკეს პირობებზე. მან განცხადებაც გააკეთა. სულხან მოლაშვილი სადაც იყო მოთავსებული, ეს იყო არა უბრალოდ უფანჯრო ოთახი, არამედ სარდაფი, აბსოლუტურად ნესტით სავსე ოთახი, ჰაერიც კი არ იყო. აქ გაატარა სულხანმა რამდენიმე თვე, ადამიანმა, რომელიც იყო ნაწამები და მხოლოდ მას შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს, გადაეყვანათ საავადმყოფოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე ასევე გაიხსენა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის ვიზიტი სულხან მოლაშვილთან.

„საქართველოს სახალხო დამცველად როცა ამირჩიეს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი შევიყვანე სულხან მოლაშვილთან და მირცხულავასთან, ერთად ისხდნენ. ისინი უყვებოდნენ იმ წამებაზე, რომელიც გადაიტანეს. მისთვის დაუჯერებელი იყო, კომისარი ყოველ წუთს მომიბრუნდებოდა ხოლმე და მეუბნებოდა: „სოზარ, ნუთუ ეს მართალია, ნუთუ ეს შესაძლებელია, მოხდეს?“ მე ვუდასტურებდი, თუმცა, ჩემი დასტური, რა თქმა უნდა, აქ არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რომ, საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ წამების თითოეული ფაქტი, რომელიც იყო მოლაშვილის, მირცხულავას მიმართ, იყო აბსოლუტურად სწორად გამოხატული მათ ამ განცხადებებში და ეს მართლა იყო მომხდარი უსასტიკესი რეჟიმის მიერ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი