სოზარ სუბარი - თუ ამ ეტაპსაც ისე გადავაგორებთ, რომ ფართომასშტაბიანი გავრცელება არ მოხდება, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სერიოზულ უბედურებას გადავრჩით
სოზარ სუბარი - თუ ამ ეტაპსაც ისე გადავაგორებთ, რომ ფართომასშტაბიანი გავრცელება არ მოხდება, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სერიოზულ უბედურებას გადავრჩით

თუ ამ ეტაპსაც ისე გადავაგორებთ, რომ ამას ფართომასშტაბიანი გავრცელება არ მოჰყვა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სერიოზულ უბედურებას გადავრჩით, – განაცხადა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„ქვეყანა ახლა გადადის ყველაზე სახიფათო ეტაპზე, უკვე ზღვარზე ვართ და ახლა ყველაზე მეტად გვმართებს სიფრთხილე და მობილიზაცია. თუ ამ ეტაპსაც ისე გადავაგორებთ, რომ ამას ფართომასშტაბიანი გავრცელება არ მოჰყვა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სერიოზულ უბედურებას გადავრჩით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სურათი დადო ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა და თუნდაც, სწრაფმა ტესტირებამ, რომელიც ბოლნისსა და მარნეულში საეჭვო შემთხვევების დროს უკვე მეორე დღეა, აქტიურად ტარდება, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ბოლნისსა და მარნეულში სურათი ძალიან დამაიმედებელია.

„უკვე 45 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა და მოხდა მათთვის სიცხის გაზომვა. შექმნილია 40-მდე ჯგუფი, რომლებიც შესაბამისი ცოდნითა და ხელსაწყოებით არიან აღჭურვილი. თითო ექიმი ყველა ჯგუფშია მიმაგრებული და ყველა მათგანი ინფექციონისტების მიერ არის დატრენინგებული. ეს ჯგუფები მოძრაობენ და ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობა გამოიკვეთა, რომლებსაც დაბალი სიცხე ჰქონდათ. ათეულს არ აღემატება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც შეიძლებოდა, საეჭვოდ ყოფილიყო მიჩნეული. თუმცა, დღეს უკვე დადასტურებულია, რომ პირველ ეტაპზე საეჭვოდ მიჩნეულთაგან დაავადება არავის აღმოაჩნდა, გარდა 62 წლის ინფიცირებულ ქალბატონთან არსებული უშუალო კონტაქტებისა. ეს არის ოთხი ოჯახის წევრი და თუ არ ვცდები, ერთი ადამიანი დაავადებული ოჯახის გარეთ. ოღონდ, ისიც ამ წყაროდან არის“, – განაცხადა სუბარმა.

შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ხელისუფლებაში საკარანტინო არეალის გაფართოება, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკარანტინო არეალის გაფართოება არანაირად არ განიხილება.

„ეს დამოკიდებულია არა ჩვენს განხილვებზე და გადაწყვეტილებებზე, არამედ იმაზე, თუ სად გაჩნდება ამის საჭიროება. ამ წუთში საჭიროება არ არის, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზუსტად ერთ საათში რაღაც ახალი ინფორმაცია არ იქნება, რომელიც რომელიმე კონკრეტულ რეგიონში ამის საჭიროებას არ გამოაჩენს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.