სოზარ სუბარი - თეთრიწყაროს რაიონის გახსნაზე გადაწყვეტილება შესაძლოა, ხვალ იყოს მიღებული
სოზარ სუბარი - თეთრიწყაროს რაიონის გახსნაზე გადაწყვეტილება შესაძლოა, ხვალ იყოს მიღებული

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხვალ შესაძლოა, თეთრიწყაროს რაიონის გახსნაზე გადაწყვეტილება მიიღონ.

მისივე თქმით, თეთრიწყაროში ყველა საეჭვო პაციენტის კვლევა დასრულდა და პასუხები კორონავირუსზე არის უარყოფითი.

„ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით ყველა ის რეგიონი, რომლებიც ჩავკეტეთ. ჩაკეტილი დარჩა მხოლოდ თეთრიწყარო. აქაც შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ უკვე ორი კვირა გადის ბოლო ინფიცირებულიდან და ყველა საეჭვო წყარო, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო, დღეს გამოვიკვლიეთ, ყველას პასუხი არის უარყოფითი. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ხვალ მიღებული იყოს გარკვეული გადაწყვეტილება“,- განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება სოფელ მუშევანსა და გეტას, როგორც სუბარი ამბობს, ეს სოფლები იმდენი ხანი დარჩება ჩაკეტილი, ვიდრე საშიშროება არ მოიხსნება.

„დარჩა მუშევანი და გეტა. მუშევანზე ვიტყვი, რომ აქ დაინფიცირებული არის თითქმის ყოველი მე-10 ადამიანი. ეს არის მაგალითი იმის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ქვეყანაში სწრაფი და გადამჭრელი ზომები რომ არ მიგვეღო. დღეს სოფლის მოსახლეობამაც გაიგო, რომ აუცილებელია წესების დაცვა. მით უმეტეს, ამ სოფლიდან გვყავს გარდაცვლილიც, სამწუხაროდ. შესაბამისად მუშევანი და გეტა იმდენი ხანი დარჩება ჩაკეტილი,ვიდრე არ იქნება საშიშროება მოხსნილი“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.