სოზარ სუბარი ტატუნაშვილის საქმეზე - ძნელია, ლოგიკური დასკვნები გამოვიტანოთ, როდესაც მეორე მხარეს აბსოლუტურად არაადეკვატური პარტნიორი გვყავს
სოზარ სუბარი ტატუნაშვილის საქმეზე - ძნელია, ლოგიკური დასკვნები გამოვიტანოთ, როდესაც მეორე მხარეს აბსოლუტურად არაადეკვატური პარტნიორი გვყავს

ყოველწუთიერი და ყოველდღიური მუშაობა მიდის ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე,- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ძნელია, ლოგიკური დასკვნების გამოტანა, როდესაც მეორე მხარეს „აბსოლუტურად არაადეკვატური პარტნიორი გვყავს“.

„ნამდვილად ყოველწუთიერი და ყოველდღიური მუშაობა მიდის და ყველანაირი ინფორმაცია არსებობდა იმის, რომ კვირის ბოლოს, ამ დღეებში გადმოცემა უნდა მომხდარიყო, თუმცა ის განცხადებები, რომლებიც გუშინ გაკეთდა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, არის აცდენილი ყველანაირ ამ მოლაპარაკებების შინაარსს.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასე მოხდება, ანუ მუშაობა გრძელდება. ზოგადად ძალიან ძნელია რამე ლოგიკური დასკვნები გამოვიტანოთ მაშინ, როდესაც მეორე მხარეს გვყავს აბსოლუტურად არაადეკვატური პარტნიორი, ძირითადად ამ შემთხვევაში ოკუპანტს ვგულისხმობ და იმ ადამიანებს, რომლებიც მათი მმართველობის ქვეშ არიან.

პარალელურად მიმდინარეობს პარლამენტში მუშაობა შეთანხმებულ რეზოლუციაზე, რომელსაც პარლამენტი ერთობლივად მიიღებს “,- განაცხადა სუბარმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.