სოზარ სუბარი - სტრატეგიული მეგობრები მკაცრ განცხადებას აკეთებენ, ვფიქრობ, მეტი ახსნა, დასაბუთება მოგვიწევს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქმე სანქციებამდე არ მივა
სოზარ სუბარი - სტრატეგიული მეგობრები მკაცრ განცხადებას აკეთებენ, ვფიქრობ, მეტი ახსნა, დასაბუთება მოგვიწევს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქმე სანქციებამდე არ მივა

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტები სიტყვასიტყვით შეასრულეს, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც სუბარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მოუწევთ, რომ სტრატეგიულ მეგობრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებულ პროცესზე მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.

სოზარ სუბარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიმართულებით ყველაფერი მაქსიმალურად არის გაკეთებული.

„მძიმე განცხადებებია, მაგრამ თუ ობიექტურ რეალობაზე ვილაპარაკებთ, ობიექტური რეალობა ის რეფორმებია, რაც სასამართლო სისტემაში გატარდა და სასამართლოს მიმართ ნდობა, რომელიც კვლევით დაადასტურა მოსახლეობამ. თუ ციფრებზე ვილაპარაკებთ, რეალობა ცა და დედამიწასავითაა შეცვლილი. თუ ვილაპარაკებთ, რამდენად არის შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულებული, აქაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეთანხმება სიტყვა-სიტყვით და პუნქტებით შევასრულეთ ყველა ნაწილში, მათ შორის სასამართლოს.

ამის მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული მეგობრები ძალიან მკაცრ განცხადებას აკეთებენ. ვფიქრობ, მოგვიწევს მეტი დიალოგი და  ახსნა, დასაბუთება, რომ რეალობა სხვა რამეა. იმის თქმა არ მინდა, რომ ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, შესაბამისად, ახსნა გამიჭირდება, ასე რატომ ხდება, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს მიმართულებით მაქსიმალური არის გაკეთებული, ყოველ შემთხვევაში, შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებაში. ტონი საკმაოდ მკაცრია, მაგრამ იმ აზრს ვერ დავეთანხმები, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არ არის შესრულებული. დოკუმენტამდე იყო რეკომენდაცია, რომ მოსამართლეთა ნახევარი დაემტკიცებინა წინა მოწვევის პარლამენტს და მეორე ნახევარი შემდეგ პარლამენტს, ჩვენ ეს გავაკეთეთ. ახლა ცხრა მოსამართლიდან ექვსი არის არჩეული, სამი კიდევ დარჩა.

შარლ მიშელის დოკუმენტში რა მოთხოვნაც იყო – გაგვეჩერებინა დანიშვნები, ვიდრე ახალი წესი არ შევიდოდა ძალაში, ყველა ეს პუნქტი იყო გათვალისწინებული. თუ ვინმეს კონკრეტული მოსამართლეები არ მოსწონთ და მიაჩნიათ, რომ ეს მოსამართლეები არ უნდა იყვნენ, მაშინ ეს ღიად უნდა ითქვას და დასაბუთება მოჰყვეს. თუ შარლ მიშელის დოკუმენტიდან ამოვდივართ, მიმაჩნია, რომ ამ დოკუმენტის სულისკვეთება და გაგებაც სიტყვა-სიტყვით შესრულებულია. დარწმუნებული ვარ, სანქციები არ იქნება. როცა ჩვენი ოპონენტები სანქციებით ხარობენ და ითხოვენ, ეს არ არის მარტო ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი ან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან პაექრობა, ეს არის ხალხის მტრობა. როცა ამერიკაზე ვსაუბრობთ, აქ თემა არ არის სანქციების სიმძიმე-არსიმძიმეზე, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული მეგობარი და მათი სიტყვა ჩვენი მხრიდან ყოველთვის გასათვალისწინებელია. დარწმუნებული ვარ, საქმე სანქციებამდე არ მივა. სანქციებზე საუბარი არც უნდა იყოს და არც იქნება, დეტალურად იმ პუნქტების გავლა მოგვიწევს, რაც გაკეთდა ბოლო თვეების განმავლობაში შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.

ამასთან, სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღრმად შეწუხებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ „აშშ-ის მთავრობის განცხადებები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული“.