სოზარ სუბარი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე
სოზარ სუბარი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია. მისივე თქმით, ასეთი შედეგის მისაღწევად საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დიდი შრომა გაწია.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება მართლა ისტორიული გადაწყვეტილებაა. საქართველომ ყველა პუნქტში მოიგო. ყველა პუნქტში, რომელიც იქ წარდგენილი იყო. უზარმაზარი შრომა გაწია იუსტიციის სამინისტრომ, უზარმაზარი შრომა გაწია პირადად თეა წულუკიანმა და მას ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე. ამაზე დიდი ნაბიჯი ამ წლების განმავლობაში არ გადადგმულა და ეს აუცილებლად აახლოებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბის აღდგენას.

მთელი რიგი მტკიცებულებები იყო დაკარგული და გამქრალი. გამქრალი სწორედ წინა ხელისუფლების ძალისხმევით და თეა წულუკიანმა და მისმა გუნდმა უზარმაზარი შრომა გაწიეს იმისთვის, რომ ეს მტკიცებულებები საქართველოში დაბრუნებულიყო. ყველა ადამიანი, ვინც გარკვეული ინფორმაციის მომცემი იყო, მათი დაკითხვა და მათგან ინფორმაციის შეგროვება მომხდარიყო. ყველა შეგროვებული მტკიცებულება წასულიყო სტრასბურგში და იქაც მაღალ იურიდიულ დონეზე მომხდარიყო საქართველოს ინტერესების დაცვა. ამის შედეგი იყო ის, რომ მოხდა საქართველოს სრული გამარჯვება. ყველა პუნქტში, არა მხოლოდ ცხინვალის მიმართულებით, არამედ იგივე მოხდა აფხაზეთთან დაკავშირებითაც. მთავარი გამარჯვება აქ ისაა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დეოკუპაციას აახლოებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.